Accessibility links

site logo site logo

ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დასრულდა ბაიდენისა და პუტინის სამიტი


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამიტი დაახლოებით ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დასრულდა.

როგორც პირდაპირი ვიდეორეპორტაჟიდან ჩანდა, ბაიდენმა ზეაწეული ცერა თითებით დატოვა ტბისპირა ვილა, სადაც შედგა შეხვედრა. ახლა ორივე პრეზიდენტი გამართავს ცალ-ცალკე პრესკონფერენციებს.

ბაიდენი და პუტინი ჯერ ვიწრო წრეში შეხვდა ერთმანეთს, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში კი ორივე მხრიდან მეტი ოფიციალური პირი მონაწილეობდა და მან დაახლოებით 65 წუთი გასტანა.

ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ერთობ გამწვავებულია. სულ რამდენიმე თვის წინ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა.

სამიტი ტარდება პერიოდში, როცა პუტინი განაგრძობს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე თავისი კონტროლის კონსოლიდაციას, ოპოზიციის აქტივისტების, მაგალითად, ალექსეი ნავალნის დევნას და დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შევიწროებას.

როგორც ბაიდენის წარმომადგენელმა თქვა, თეთრი სახლი „რუსეთთან ურთიერთობების არც ‘გადატვირთვას’ აპირებს და არც ესკალაციას ვესწრაფვით.“ მაგრამ ბაიდენს უფრო მკვეთრი პოზიცია უკავია, ვიდრე მის წინამორბედ დონალდ ტრამპს. თანამდებობის დაკავების შემდეგ მან რუსეთს ეკონომიკური სანქციების ორი წყება დაუწესა. ამავე დროს ის დათანხმდა შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულების, New START-ის გაგრძელებას და უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობისთვის ხელის შეშლაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG