Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა რუსეთში ოპონენტების შევიწროება აშშ-ში ამბოხებებს შეადარა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფენცია გამართა.

რუსეთში პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროების შესახებ შეკითხვაზე პასუხად მან გაიხსენა იანვრის მოვლენები ვაშინგტონში, როცა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ასობით მომხრე შეიჭრა კაპიტოლიუმში და დაარბია ის. მისი თქმით, იმ ადამიანებსაც პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდათ და ისინიც დაპატიმრებული არიან.

მან ასევე ახსენა მოძრაობა Black Lives Matter და შარშან აშშ-ის მასშტაბით გამართული დემონსტრაციები და ამბოხება, რაც მოჰყვა აფრიკელი ამერიკელის, ჯორ ფლოიდის მოკვლას პოლიციელების მიერ, და დასძინა, რომ მას არ სურს, იგივე იხილოს რუსეთში.

ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ერთობ გამწვავებულია. სულ რამდენიმე თვის წინ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა.

სამიტი ჩატარდა პერიოდში, როცა პუტინი განაგრძობს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე თავისი კონტროლის კონსოლიდაციას, ოპოზიციის აქტივისტების, მაგალითად, ალექსეი ნავალნის დევნას და დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შევიწროებას.

როგორც ბაიდენის წარმომადგენელმა თქვა სამიტის წინ, თეთრი სახლი „რუსეთთან ურთიერთობების არც ‘გადატვირთვას’ აპირებს და არც ესკალაციას ვესწრაფვით.“ მაგრამ ბაიდენს უფრო მკვეთრი პოზიცია უკავია, ვიდრე მის წინამორბედ დონალდ ტრამპს. თანამდებობის დაკავების შემდეგ მან რუსეთს ეკონომიკური სანქციების ორი წყება დაუწესა. ამავე დროს ის დათანხმდა შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულების, New START-ის გაგრძელებას და უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობისთვის ხელის შეშლაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG