Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: ადამიანის უფლებებზე საუბრისას პუტინმა სასაცილო შედარება გააკეთა ამერიკასთან


ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა თქვა, რომ მან ადამიანის უფლებების საკითხზე გააკეთა აქცენტი პუტინთან მოლაპარაკებებზე. მათ შორის, მისი თქმით, ილაპარაკეს რუსეთში პატიმრობაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებზე, რომლებიც „უკანონოდ არიან დაპატიმრებული“.

ბაიდენის თქმით, მან შეხვედრაზე თქვა, რომ მომავალშიც გამოხატავს შეშფოთებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული გარემოებები.

ბაიდენმა ილაპარაკა იმაზე, რომ საკუთარ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა „სასაცილო“ შედარება გააკეთა ამერიკასთან, როცა საუბრობდა რუსეთში ოპოზიციის წინააღმდეგ მთავრობის მოქმედებებზე.

„ეს სასაცილო შედარებაა. ერთია, როცა პირდაპირი მნიშვნელობით დამნაშავეები გაარღვევენ კორდონს, შეაღწევენ კაპიტოლიუმში, მოკლავენ პოლიციელს და მათ პასუხს აგებინებენ. და მეორეა, როცა ხალხი წინააღმდეგია, მარშით მიდის კაპიტოლიუმში და ამბობს, თავისუფლად ლაპარაკის საშუალებას არ გვაძლევთო.“

ვლადიმირ პუტინმა მანამდე პრესკონფერენციაზე გაიხსენა იანვრის მოვლენები ვაშინგტონში, როცა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ასობით მომხრე შეიჭრა კაპიტოლიუმში და დაარბია ის. მისი თქმით, იმ ადამიანებსაც პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდათ. ეს მაგალითი მან რუსეთში პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროების შესახებ შეკითხვაზე პასუხად მოიტანა.

მან ასევე ახსენა მოძრაობა Black Lives Matter და შარშან აშშ-ის მასშტაბით გამართული დემონსტრაციები და ამბოხება, რაც მოჰყვა აფრიკელი ამერიკელის, ჯორ ფლოიდის მოკვლას პოლიციელების მიერ, და დასძინა, რომ მას არ სურს, იგივე იხილოს რუსეთში.

XS
SM
MD
LG