Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში მიიღეს რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა სტატუსის შესახებ


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში, 75-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. საქართველოს ინიციატივით, რომელსაც სხვა ქვეყნებიც უერთდებიან, ეს დოკუმენტი გაეროს გენერალურ ასამბლეას 2008 წლიდან წარედგინება. წელს თანაავტორთა რიგებს შეუერთდა 57 ქვეყანა.

გაეროს რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს ყოველწლიური მოხსენების მომზადებას საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე.

გენერალური ასამბლეა მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

გაეროს გენერალური ასამბლეის წლევანდელ სესიაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა ქვეყანამ. შარშან ეს რიცხვი 84 იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს საგანგებო პირობებში მოუწია რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება.

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე რეზოლუციის განხილვისას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად მომზადებული განცხადება გამოაქვეყნეს ბალტიისპირეთის და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებმა. მათ შეუერთდნენ ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, მოლდოვა, ნიდერლანდის სამეფო, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკია და უკრაინა.

განცხადებაში საუბარია რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე და სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2021 წლის იანვარში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო.

XS
SM
MD
LG