Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობის ამბობს, რომ ნინო ლომჯარიასთან გულითადი საუბარი ჰქონდათ


ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ საქართველოს სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან გულითადი საუბარი ჰქონდათ. ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი და სახალხო დამცველი პანსიონში არსებულ საკითხებზე საუბრობდნენ.

"ჩვენ რომ შევხვდით, გულითადი საუბარი გვქონდა და პრეტენზიები არ ყოფილა. სიტუაცია უცბად შეიქმნა და მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი, უბრალოდ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავასრულოთ ასეთი დაძაბული სიტუაცია. უკვე აღარც არის, თქვენ თუ არ დაგვიძაბავთ ჟურნალისტები", - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

დღევანდელ შეხვედრაზე სახალხო დამცველი და პანსიონის მმართველი შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირაში მათ ერთად შეეძლებათ ბავშვების მონახულება.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა. ნინო ლომჯარიამ 15 ივნისს საპატრიარქოს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG