Accessibility links

site logo site logo

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირაში შევა


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონს მომავალ კვირაში, სავარაუდოდ კვირის ბოლოს ბოდბელ ეპისკოპოსთან იაკობთან ერთად ეწვევა. ამის შესახებ მან ნინოწმინდის პანსიონის ახალ მმართველთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ და მე მინდა, რომ ჩვენ მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენს შორის ნდობა იყოს და მტრულად განწყობილნი არ იყვნენ იქ მყოფი პირები, ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. და ამის შემდეგ უკვე ჩემი უკვე სპეციალისტები დაიწყებენ იქ მიმდინარე პროცესების მონიტორიგს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, მეუფე იაკობთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სოციოალური მუშაკები გააგრძელებენ პანსიონში დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და გადაწყვეტილებებიც მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

ნინო ლომჯარიამ ზოგადად ხაზი გაუსვა ასევე 17 ივნისს ნინოწმინდის პანსიონის მმართველთან ეპისკოპოს იაკობთან გამართული შეხვედრის კონსტრტუქციულ ხასიათს. მისი თქმით, მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა. ნინო ლომჯარიამ 15 ივნისს საპატრიარქოს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს იქ მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის პანსიონში, სადაც 56 ბენეფიციარი ცხოვრობდა, რჩება 20 აღსაზრდელი. პანსიონი დატოვა 20-ზე მეტმა აღმზრდელმაც. მათი რაოდენობა 19-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG