Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობის თქმით, ყველა ის აღმზრდელი დატოვებს პანსიონს, ვისაც ბავშვები ადანაშაულებენ


ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაინიშნა ნინოწმინდის პანსიონის ახალ მმართველად, ამბობს, რომ არცერთი ის აღმზრდელი არ დარჩება დაწესებული, რომელთა მიმართაც ბავშვები რაიმე ფორმით პრეტენზიას გამოთქვამენ. ამის შესახებ მან სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩემს წინამორბედებზე ნუ მალაპარაკებთ, მე რომ მოვედი, რასაც ვთვლი საჭიროდ იმას ვაკეთებ... თუ ვინმეზე ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რაღაცა, არ ვარკვევთ, მართალია თუ მტყუანი ის ბავშვი, ის თანამშრომლები აღარ დაიშვებიან... ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არ არის. ზოგთან ჰქონდათ პრობლემები - [ძალადობა იყო თუ არა] როგორ შეაფასებენ, არ ვიცი, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის..." - თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა.

გუშინ პანსიონი 40-ზე მეტი აღმზრდელიდან 20-ზე მეტმა დატოვა. დღეს კი პანსიონის მმართველმა თქვა, რომ ისინი შვებულებაში გაუშვეს და ასევე აღნიშნა, რომ დღეს ბავშვებთან კონტაქტი არ აქვთ იმ აღმზრდელებს, ვის მიმართაც პრეტენზიები არსებობდა.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა. ნინო ლომჯარიამ 15 ივნისს საპატრიარქოს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG