Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტისთვის წარსადგენად შეირჩა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს. კენჭისყრაში საბჭოს 14-დან 12 წევრი მონაწილეობდა. იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს 9 კანდიდატი წარედგინება:

1.გიორგი გოგიაშვილი;
2.გოჩა აბუსერიძე;
3.ლევან თევზაძე;
4.ქეთევან მესხიშვილი;
5.გიორგი შავლიაშვილი;
6.რევაზ ნადარაია;
7.ბიძინა სტურუა;
8.ეკა ზარნაძე;
9.ლაშა ქოჩიაშვილი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში ათწლეულების განმავლობაში ვერ შევლენ კვალიფიციური კადრები ისე, რომ კლანური მმართველობა დაიშალოს.

ჯანეზაშვილმა მედიას უთხრა, რომ საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არაერთი პროცედურული დარღვევა იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა კი ნეპოტიზმია. იუსტიციის საბჭოს წევრმა მაგალითად მოიყვანა პარლამენტისთვის კანდიდატად წარდგენილი ლევან თევზაძე, რომელიც საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ნათესავია:

"მართალია, ირაკლი შენგელია არ მონაწილეობდა ამ პროცესში, მაგრამ მისი ახლობლები და ნათესავები იყვნენ საბჭოში. მათ შორის არის ხარებავა ზაზა, რომელმაც თქვა, რომ მასთან ნათელ-მირონი აკავშირებს და ასევე, თამარ ღვამიჩავა, რომელიც შენგელიას ნათესავია... კლანურ მოდელზე და მმართველობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველა ეს ადამიანი არის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვადასხვა გზებით და როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნასა, თუ წარდგენასთან დაკავშირებით, მიიღება ამ ფორმით".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა ერთ-ერთი საკითხია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში. ამ დოკუმენტით, პარლამენტს უნდა წარედგინოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა, ახალი კანონის ძალაში შესვლამდე კი, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მედიას უთხრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს კანონის შესაბამისად, მასში არ არის გაწერილი „მიშელის დოკუმენტით“ გათვალისწინებული საკითხები და საბჭო პროცესს ვერ შეაჩერებდა:

„შარლ მიშელის დოკუმენტი არის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეხება სასამართლოს, თუ, რა თქმა უნდა, ეს კანონში არ არის ასახული. უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა არ არის. საბჭო კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტს და პარლამენტს შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს თუნდაც პოლიტიკური შეთანხმების გათვალისწინებით“.

ნკოლოზ მარსაგიშვილი უარყოფს საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას პროცედურული დარღვევების შესახებ და ამბობს, რომ კენჭისყრა იყო გამჭვირვალე პროცესი, რომლის ნახვის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. რაც შეეხება ნეპოტიზმს, მარსაგიშვილის თქმით:

"ის წევრი, რომლის მიმართაც შეიძლება რაღაცა კითხვები ყოფილიყო და თუნდაც ნათესაური კავშირი აქვს ლევან თევზაძესთან, ის იუსტიციის საბჭოს წევრი არ მონაწილეობდა ამ პროცედურის არც ერთ ეტაპზე".

როგორც იუსტიციის საბჭოს მდივანი ამბობს, ნამდვილად არ იცის, ვინ ვისი ნათლიაა, მაგრამ საბჭოს წევრებს აქვთ ვალდებულება, რომ თუკი ინტერესთა კონფლიქტია, ამის შესახებ განაცხადონ. ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას სასამართლოში კლანის არსებობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG