Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ გოლეთიანი: მედიაციის ჩაშლის მორიგი მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან


ვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლებას მედიაციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ რკინის ჯებირების აღების მიუხედავად მათ არ ეძლევა ხეობაში შესვლის შესაძლებლობა, „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის „ენკას“ ავტომანქანებს კი ხეობაში შესვლა დაუბრკოლებლად შეუძლიათ. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლებამ არ შეასრულა პირობა, რკინის ბარიკადის მოხსნის მიუხედავად ხეობიდან არ გაიყვანა საპოლიციო ძალები და პროკურატუტრას განცხადება არ გაუკეთებია დაკავებული აქტივისტების შესახებ.

„სადაც ბარიკადი იდგა, პოლიცია იმ ადგილზე ისევ დგას და ჩვენ გადაადგილების საშუალება არ გვაქვს. ცოტა ხნის წინ კი „ენკას“ ავტომანქანები მოადგნენ ბარიკადის აღების და ჩვენი პროტესტის ადგილს და დააპირეს ჩვეულებრივად გავლა, რისი საშუალებაც ჩვენ არ მივეცით, ამას მოჰყვა ჩვენი პროტესტი, მე განვუმარტე, რომ რადგან ჩვენ არ გვეძლევა დღეს გადაადგილების საშუალება პროტესტის ძველ ადგილზე, ნამოხვანში, ჩვენც ვერ გავატარებდით მათ, რადგან პირობა არ შესრულდა სრულფასოვნად“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი

აქტივისტის განმარტებით, რკინის ბარიერის აღება გუმათში პირობების ფორმალურად შესრულებაა და შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა. ამიტომ „რიონის ხეობის მცველები“ ვერ გაატარებდნენ კომპანიის კუთვნილ ავტომანქანებს.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხვალ ზუმში გაიმართება შეხვედრა, ყველა იმ მხარის ჩართულობით, რომელებიც მონაწილეობას ვიღებდით 12 ივნისის შეხვედრაში, ამიტომ თუ 18 ივნისს შეიცვლება არსებული მდგომარეობა და მოგვეცემა ნამოხვანში დაბრუნების შესაძლებლობა, ამის შემდეგ კომპანიიის წარმომადგენელებიც შეძლებენ გაიარონ. შემდეგ ჩაინიშნება გასული შაბათის მსგავსი, პირისპირ შეხვედრა და იქ ვისაუბრებთ ჰესის მშნებლობის სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით“, - განმარტავს ვარლამ გოლეთიანი.

„რიონის ხეობის მცველის“ განცხადებით, გეგმა, რომელსაც უნდა მიჰყოლოდნენ დარღვეულია ხელისუფლების მხრიდან, რეალურად აქტივისტებს არ მიეცათ გადაადგილების შესაძლებლობა, არ დაკმაყოფილდა სხვა პირობებიც და კომპანიის ავტომანქანების უკან გაბრუნებას მოჰყვა სპეკულაცია, თითქოს მათ დაარღვიეს პირობა და არ ასრულებენ შაბათის შეხვედრის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას.

რკინის ჯებირების მოხსნა ერთ-ერთი პირობა იყო რიონის ხეობის მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის დასაწყებად. ამ საკითხზე გასულ შაბათს, 12 ივნისს შეთანხმდნენ მხარეები და ამისთვის ვადა ხვალამდე, 18 ივნისამდე იყო დათქმული. 17 ივნისს დღის მეორე ნახევარში პოლიციამ რკინის ბარიერები აიღო.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ არ გაგრძელდეს მშენებლობა, სანამ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი.

ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი გამოკვლევით.

XS
SM
MD
LG