Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი ირაკლი კაკაბაძის ინიციატივით პოეტ ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აარსებს


დათო ჩიხლაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი კაკაბაძე.
დათო ჩიხლაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი კაკაბაძე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე გამოაცხადა პოეტ ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიის დაარსების შესახებ.

როგორც წულუკიანი ამბობს, „სამინისტრომ გაიზიარა პოეტ ზურაბ რთველიაშვილის თანამებრძოლი მწერლის, ირაკლი კაკაბაძის ინიციატივა და გადაწყვიტა, რომ კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით საქართველოში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდეს. პირველი ასეთი ფესტივალი წელს შემოდგომაზე ჩატარდება და კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული პრემია გამარჯვებულ ხელოვანს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, 16 ოქტომბერს გადაეცემა".

საქართველოს კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ ირაკლი კაკაბაძე, მწერალი, პენ-ოქსფამის პრემიის ლაურეატი და პოეტი დათო ჩიხლაძე.

თეა წულუკიანის შეფასებით, ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალის საქართველოში დაფუძნება მნიშვნელოვანი სახელოვნებო სიახლეა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ფესტივალის მთავარი მიზანია, ქართული პერფორმანსის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით და უცხოელი პერფორმერების შემოქმედების გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მუსიკოსები, მსახიობები, ვიზუალური და მულტიმედიაარტისტები და სხვა ხელოვანები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ პერფორმანსები.

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი 2021 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG