ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ებრაჰიმ რაისი გამარჯვებულად გამოცხადდა ქვეყანაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ოფიციალური მონაცემებით, მას მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა. ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ირნა.
არჩევნები პარასკევს გაიმართა. საარჩევნო უბნები 18 ივნისს დილიდან გვიან საღამომდე იყო გახსნილი. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. მათ შორის არ იყო მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როჰანი, ვინაიდან მას უკვე ზედიზედ ორი ვადით ეკავა ეს თანამდებობა.
ირანის უზენაესი საერო და რელიგიური ხელისუფლება ქვეყნის უზენაესი ლიდერის, 82 წლის აიათოლა ალი ხამენეის ხელშია. პრეზიდენტი დე ფაქტო არის მთავრობის მეთაური და ის საერთაშორისო შეთანხმებებს აწერს ხელს.
ამავე დროს, ექსპერტების აზრით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ირანისთვის, ვინაიდან ვარაუდობენ, რომ რაისისთვის პრეზიდენტის თანამდებობა შესაძლოა ეტაპი იყოს ქვეყნის უზენაესი ლიდერობის გზაზე.
60 წლის რაისი ულტრაკონსერვატორ პოლიტიკოსად ითვლება. ის კავშირში იყო 1988 წელს ოპოზიციის მასობრივ სიკვდილით დასჯასთან. მაშინ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დახოცეს. ის აშშ-ის სანქციების სიაშია.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა 585 ადამიანს, კიდევ სამმა უკანასკნელ მომენტში თქვა უარი. ოპოზიცია გამოდიოდა კენჭისყრის ბოიკოტის მოწოდებით. საარჩევნო კომისია ჯერჯერობით არ იტყობინება, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.
მოქმედმა პრეზიდენტმა როჰანიმ განაცხადა, რომ კენჭისყრაში ამომრჩეველთა აქტიურობა „ეპიკური და უნიკალური“ იყო, რამაც „კიდევ უფრო მეტი სინანული და შეძრწუნება გამოიწვია მტრებსა და ურწმუნოთა შორის“.
დაწერეთ კომენტარი