Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პარლამენტის არჩევნებში ფაშინიანის პარტია ლიდერობს


ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო უბანზე. 2021 წლის 20 ივნისი
ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო უბანზე. 2021 წლის 20 ივნისი

სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგებით ლიდერობს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ბიულეტენების 70%-ის დათვლის შედეგად, ფაშინიანის პარტიას ხმების 56.53% აქვს. 19.56%-ით მეორე ადგილზეა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „ჰაიასტანი“(სომხეთი). დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს ხმების 2-დან 5%-მდე აქვთ. პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ია, ხოლო ბლოკებისთვის 7%.

20 ივნისს ჩატარებულ არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობა 49.4% იყო. კენჭისყრის დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლები და დამკვირვებლები ამომრჩევლების მოსყიდვის, ზეწოლის და საარჩევნო უბნებზე პროცედურული დარღვევების შესახებ იუწყებოდნენ. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ტიგრან მუკუჩიანის განცხადებით, საერთო ჯამში, არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად. ოპონენტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებდნენ კაპიტულაციასა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატში და მის გადადგმას მოითხოვდნენ 2020 წლის ნოემბრიდან, როცა რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

2021 წლის მარტში, ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება, რადგან ეს არის საუკეთესო გზა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG