Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის პარტიამ ქოჩარიანის ბლოკი დაამარცხა


ნიკოლ ფაშინიანი და რობერტ ქოჩარიანი
ნიკოლ ფაშინიანი და რობერტ ქოჩარიანი

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა ბიულეტენების 100%-ის შეჯამებით მიღებული შედეგები. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 53.92%-მა, მის მთავარ მეტოქეს, ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკს, „ჰაიასტანი“(სომხეთი) კი, 21.04%-მა.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხალხმა მას და "სამოქალაქო შეთანხმებას" მისცა ქვეყნის მართვის მანდატი, და მთავარ მიზნად დაასახელა ეროვნული ერთიანობის და თანხმობის მიღწევა. ფაშინიანმა არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას უწოდა „ფოლადის რევოლუცია“, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანა უფრო მკაცრი მეთოდებით მართოს და „კანონის დიქტატურა“ დაამყაროს.

ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, დღეს, საღამოს 8 საათზე შეიკრიბონ ერევნის მთავარ მოედანზე და ჩაატარონ მისთვის, როგორც ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრისთვის "ფოლადის მანდატის" გადაცემის საზეიმო ცერემინია-მიტინგი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ბლოკი „ჰაიასტანი“. რობერტ ქოჩარიანის ბლოკში აცხადებენ, რომ არჩევნებს ჩრდილი მიაყენა ასეულობით შეტყობინებამ დარღვევების შესახებ, რაც ადასტურებს წინასწარ დაგეგმილ და კოორდინირებულ გაყალბებას. „ჰაიასტანის“ თანახმად, სანამ ყველა სადავო საკითხი არ გაირკვევა და ეჭვები არ გაქარწყლდება, ბლოკი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო ხმების 5.23%, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ გადალახა ბლოკებისთვის დადგენილი 7%-იანი ბარიერი. პარლამენტის მანდატების მოსაპოვებლად პარტიებისთვის განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის „აყვავებულმა სომხეთმა“(3.96%).

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობით, პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს სულ მცირე სამი პოლიტიკური ძალა, რაც მანდატების მიღების შესაძლებლობას აძლევს იმ საარჩევნო სუბიექტსაც, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

20 ივნისს ჩატარებულ არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობა 49.4% იყო. კენჭისყრის დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლები და დამკვირვებლები ამომრჩევლების მოსყიდვის, ზეწოლის და საარჩევნო უბნებზე პროცედურული დარღვევების შესახებ იუწყებოდნენ. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ტიგრან მუკუჩიანის განცხადებით, საერთო ჯამში, არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად. ოპონენტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებდნენ კაპიტულაციასა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატში და მის გადადგმას მოითხოვდნენ 2020 წლის ნოემბრიდან, როცა რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

2021 წლის მარტში, ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება, რადგან ეს არის საუკეთესო გზა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG