Accessibility links

site logo site logo

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პატიმრობაში მყოფ კატალონიის ლიდერებს შეიწყალებს


პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი, აცხადებს, რომ მისი მთავრობა სამშაბათს შეიწყალებს პატიმრობაში მყოფ კატალონიის ცხრა ლიდერს, რაც ამ მდიდარი რეგიონის გარშემო პოლიტიკური კონფლიქტის შეწყვეტისკენ მიმართული პირველი ნაბიჯია.


„დარწმუნებული ვარ, რომ ამ 9 ადამიანის ციხიდან გათავისუფლება ეს არის შეთანხმებისკენ მიმართული მკაფიო შეტყობინება“, - ამის შესახებ სანჩესმა ორშაბათს ისაუბრა ბარსელონაში გამართულ ღონისძიებაზე, რომელშიც, სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, კატალონიის სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებით 300 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„კატალონიავ და კატალონიელებო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ“, - ამ სიტყვებით დაასრულა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა თავისი გამოსვლა.


კატალონიაში 2017 წელს სეპარატისტებმა მისი რეგიონული მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუჩდემონის ხელმძღვანელობით ჩაატარეს რეფერენდუმი. 90%-მა რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. მადრიდმა არ ცნო რეფერენდუმის შედეგები, კარლეს პუჩდემონზე ძებნაა გამოცხადებული. კატალონიის განათლების ყოფილი რეგიონული მინისტრი, კლარა პონსატი, შოტლანდიაში ცხოვრობს. ცხრა ადამიანს გრძელვადიანი პატიმრობა მიესაჯა, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ესპანელთა 60% არაკანონიერი რეფერენდუმის ჩატარებისათვის მსჯავრდებული კატალონიელი პოლიტოკოსების გათავისუფლების წინააღმდეგია.

ესპანეთის მთავრობის მიერ შეწყალების გამოცხადების შემდეგ კატალონიელი სეპარატისტები რამდენიმე დღეში დატოვებენ საპატიმროს.

გასულ კვირაში კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა, პერე არაჰონესმა, განაცხადა, რომ შეწყალებას მიიჩნევს დიალოგის დაწყების საწინდრად, მაგრამ მოითხოვს, რომ ამნისტია შეეხოს ყველას, ვინც 2017 წლის მოვლენებში მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG