Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი ფილიპ ბრიდლავი: საქართველომ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ვაშინგტონის დღის წესრიგში


გენერალ ფილიპ ბრიდლავი
გენერალ ფილიპ ბრიდლავი

"იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ევროპულ ტურნესა და მათ შორის დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ გამართულ ბაიდენ-პუტინის სამიტისადმი, მეორე პლანზე გადაინაცვლა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისათვის ჯერ კიდევ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებმა... როდესაც ასეთი მძლავრი ქვეყნები იპყრობენ საყოველთაო ყურადღებას, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის ისეთი სტრატეგიული პარტნიორის უგულებელყოფა, როგორიც საქართველოა“, - წერს ევროპაში ნატოს ძალების და აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი სტატიაში „საქართველო ჩემს ფიქრებში“, რომელიც რუმინელ ანალიტიკოს იულია ჯოჯასთან თანაავტორობით „ნიუზვიკში“ გამოქვეყნდა.

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ არსებობს სულ მცირე სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველომ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ვაშინგტონის დღის წესრიგში.

პირველი ეს არის მთიან ყარაბაღში 2020 წლის ბოლოს დაწყებული საომარი მოქმედების შემდეგ, რუსეთის შუამავლობით შექმნილი ახალი რეალობა: რუსეთის სამხედრო ძალების განთავსება მთიან ყარაბაღში და მოსკოვის მცდელობა, განვითარდეს თანაშრომლობის ახალი ფორმატი აზერბაიჯანს, ირანს, რუსეთს, თურქეთს, სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც „მიზანმიმართულად გამორიცხავს აშშ-სა და დასავლეთს“.


მეორე მიზეზი ეს არის, საქართველოს მონაწილეობა აშშ-ის ლიდერობით მიმდინარე ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის მიმართ „განსაცვიფრებელი“ ორპარტიული და ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა.


და მესამე მნიშვენლოვანი ასპექტი, სტატიის ავტორების აზრით, ეს არის ის როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს და მომავალშიც შეუძლია შეასრულოს, როგორც აშშ-ს, რუსეთსა და თურქეთს შორის ხიდმა.

„საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებები ნათელია: სტაბილური და დასავლეთში დამკვიდრებული დემოკრატიული ქვეყნის სახით ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. მაგრამ თბილისმა იცის, რომ არ ღირს ჩხუბის დაწყება მძლავრ მეზობლებთან. მიუხედავად არსებული ოკუპაციისა და მუქარებისა, საქართველომ შეძლო რუსეთთან მეტ-ნაკლებად სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება. საქართველომ ასევე მოახერხა თურქეთთან ნაყოფიერი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება. თბილისის, როგორც აშშ-ისა და ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის ხიდის როლი, მნიშვნელოვანია შავიზღვისპირა რეგიონისათვის“, - აღნიშნულია ევროპაში ნატოს ძალების და აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალ ფილიპ ბრიდლავისა და რუმინელი ანალიტიკოსის, იულია ჯოჯას სტატიაში, რომელიც „ნიუზვიკში“ გამოქვეყნდა.

ფილიპ ბრიდლავი ევროპაში ნატოს ძალების სარდალი იყო 2013-2016 წლებში. ამჟამად „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ ევროპის ინიციატივის თავმჯდომარეა.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG