Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩომ მარკერით მონიშნა შეთანხმებაში სასამართლოსთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი


„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. საელჩო ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე და მხარეებს ახსენებს, რომ შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს.

საელჩომ „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ მარკერით მონიშნა სასამართლოსთან დაკავშირებული რიგი პუნქტები. ესენია:

  • „3. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა

ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა“.

  • „პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას".
  • „უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს“.
  • „ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა“.
  • „პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით“.
  • „ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე. 2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად. 3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება. 4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა“.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 19 ივნისს თქვა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების არჩევა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 ივნისს განაცხადა, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს.

„ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, თუ მმართველი პარტია გააგრძელებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, პარლამენტი დატოვონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG