Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს ციმბირის ციხეში ჩატოვებული ქართველი ოფიცრები გამოაშვებინა


პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მიმართა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაკეთებული საქმეები ჩამოთვალა.

მათ შორის დაასახელა მოლაპარაკებები, რომლის მეშვეობითაც, სხვადასხვა წლებში ცხინვალის, სოხუმის და რუსეთის ციხეებიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაპატიმრებული სამხედროები და დაზვერვის ოფიცრები გაათავისუფლა.

"ომის დროს, კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეს ცხინვალში რომ არ პატრიარქი, პატრიარქი შებრძანდა... რა არის სირცხვილი? მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ რუსეთის ფედერაციაში ომის დროს ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა ჩატოვეს ჩვენი გმირი ოფიცრები. 2012 წელს.... წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი 2008 წლიდან 2012 წლამდე. გმირები ჩვენი ჩატოვეს აბსოლუტურად უპატრონოდ, დაზვერვის ოფიცრები. ბატონო ირაკლი ბერაია, - მოგიწოდებთ იმიტომ, რომ დაზვერვის ოფიცრები არიან, მე არ მაქვს უფლება, რომ გვარები ვთქვა, - ბატონო ირაკლი გთხოვთ, რომ მოიწვით ნდობის ჯგუფი, დაიბაროთ დაზვერვის უფროსი. მე მაშინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ პრემიერ-მინისტრი, როცა გამოვიყვანეთ რუსეთიდან მათ მიერ ჩატოვებული ყველა დაზვერვის ოფიცერი - ეს ერთი. მეორე: აქ წეღან აკო მინაშვილმა თქვა, რომ კარგია, რომ სხვების ტყვეები გავათავისუფლეთ, რომ მედიატორის როლი შევასრულეთ, მაგრამ რას ვშვებით ჩვენს მოქალაქეზეო, მათ მინდა კიდევ შევახსენო ომის დროს მათ მიერ ჩატოვებული რამდენიმე დაზვერვის ოფიცერი. რუსეთში ჩატოვეს უმძიმეს პირობებში, ციმბირის ციხეებში იყვნენ ისინი გადასახლებული. თქვენ არ გაქვთ, ალბათ ინფორმაცია და აგერ არის ირაკლი ბერაია, დაიბარებს ნდობის ჯგუფის ფარგლებში..." - მიმართა მან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, დეპუტატს ეკა ხერხეულიძეს და განაგრძო.

"მეორე ინფორმაცია: ცხინვალში ასევე მათ მიერ დაგეგმილი უაზრო ოპერაციების შედეგად ჩატოვებული ჩვენი სამხედროები; სპეცრაზმელები და მოქალაქეები ჩატოვეს სოხუმის ციხეში, უმძიმეს პირობებში. მოსახლეობას ვუყვები ამას და არა თქვენ. ჩატოვეს. 2015 წლის ბოლოს პირადად ვაწარმოე მოლაპარაკება იმ დროს დე ფაქტო ხელისუფლებასთან, მივაღწიეთ შეთანხმებას და სრულად გამოუშვეს ყველა პატიმარი, მათ შორის ჩვენი მოქალაქე, მათ შორის ჩვენი ოფიცრები, რომელთაც ჰქონდათ მისჯილი 19-20-22 წელიწადი... და 4 პატიმარი ცხინვალის საპატიმროებიდან - ჯამში 14 ადამიანი. კითხვა, რომ მე რა გავაკეთე, აი, მე ეს გავაკეთე, თქვენ რა გააკეთეთ? თქვენ ჩატოვეთ ჩვენი გმირი ოფიცრები რუსეთში, სოხუმში და ცხინვალში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მის სიტყვებით, ყველა დონეზე მუშაობენ ამჟამად ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძისა და სოხუმის ციხეში მყოფი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად.

ირაკლი ღარიბაშვილმა დარბაზიდან წამოსულ რეპლიკაზე უპასუხა, "რა არის ზღაპრები?

"ჯერ ერთი, არც ერთ ადამიანს, არც ერთ მოქალაქეს არ ჰქონდა ინფორმაცია ამის თაობაზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მაშინ როგორი მედია იყო. ამაზე მიპასუხეთ 17-20 კაცი რომ ჩატოვეთ, რატომ არ საუბრობდით? 2008 წლის შემდეგ 2012 წლამდე თქვენ იყავით ხელისუფლებაში, რატომ არ საუბრობდით? სადმე, გისაუბრიათ?.. გენერალი ჩაჩიბაია იყო სხვათა შორის შესული სამოქალაქო ფორმით პატრიარქთან ერთად და სწორედ მან, მისი ჩართულობით და პატრიარქის ჩართულობით გამოიყვანეს ცხედრები. თქვენ იყავით სადღაც გაქცეულები. პატრიარქი შევიდა ცხინვალში, საპატრიარქოს წარმომადგენლები შევიდნენ, ჩაჩიბაია, როგორც პატრიარქთან დაახლოებული პირი და მეგობარი, ნდობით აღჭურვილი პირი ამ ეგიდით შევიდა. აგერ არის გენერალი და ჰკითხეთ, გაგცემთ პასუხს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს და რამდენიმე დღე გასტანა, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონზე “ეფექტურ კონტროლს” რუსეთი ახორციელებდა. რუსული ჯარი როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში 7 აგვისტომდე შემოვიდა, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმებს ადგილი ჰქონდა სეპარატისტების მხრიდან 1 აგვისტოდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG