Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში იმყოფება


სახალხო დამცველი, ნინო ლონჯარია საპატრიარქოს მართვის ქვეშ მყოფ ნინოწმინდის პანსიონში იმყოფება, სადაც მასთან ერთად არიან ფსიქოლოგები. ომბუდსმენს პანსიონში მისვლამდე ჰქონდა შეხვედრა სოციალურ მუშაკებთან, რომლებიც იქ მუშაობენ ბოლო პერიოდში. ამ დროისთვის პანსიონში 15 ბავშვი რჩება, პანსიონი კი დახურვის რეჟიმში იმყოფება და მიმდინარეობს ალტერნატიული საცხოვრებლების მოძებნა და შეთავაზება ბავშვებისთვის.

"პირველ რიგში შეხვედრა გვექნება პანსიონის ხელმძღვანელობასთან, ასევე ვაპირებთ, ვნახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვების საჭიროების შეფასების მიმართულებით, რას აკეთებენ სოციალური მუშაკები, როგორც ვიცით, 24 საათის განმავლობაში ისინი აქ იმყოფებიან.

ვიცით, რომ 15 აღსაზრდელი იმყოფება დღეის მდგომარეობით, იგეგმება რამდენიმე აღსაზრდელის გადაყვანა ალტერნატიულ საცხოვრებელში, მნიშვნელოვანია დანარჩენ ბავშვებთანაც დროულად იქნას გადაწყვეტილებები მიღებული. მართალია, აღმზრდელების ნაწილმა დატოვეს აქაურობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავისუფლად ვერ გამოხავენ საკუთარ ნებას ამ კედლებში და არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბავშვები გადაყვანილი იყვნენ ალტერნატიულ ზრუნვაში. მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ბავშვებმა ვერ შეძლონ თავისუფლად საუბარი და ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგების და სპეციალისტების შეფასება აჩვენებს ამ ბავშვების მდგომარეობას.

პანსიონი არის დახურვის რეჟიმში, ჩემი რეკომენდაცია არის ბავშვების ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანა", - თქვა სახალხო დამცველმა პანსიონში შესვლამდე მედიასთან. ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა კი, რომელიც პანსიონს მართავს, თქვა, რომ პანსიონში ახლა ვითარება დასტაბილურებული და დამშვიდებულია.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

5 ივნისს სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

მოსამართლე დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს იქ მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის პანსიონში, სადაც 56 ბენეფიციარი ცხოვრობდა, რჩება 15 აღსაზრდელი. პანსიონი დატოვა 20-ზე მეტმა აღმზრდელმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG