Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური სანქციების შემდეგ, ბელარუსმა გაწყვიტა ურთიერთობა ევროკავშირთან


ბელარუსი აცხადებს, რომ კონსულტაციებისთვის ქვეყანაში აბრუნებს ევროკავშირში თავის მუდმივ წარმომადგენელს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა მას ეკონომიკური სანქციები დაუწესა, გასულ თვეში სამგზავრო თვითმფრინავის იძულების გამო მინსკში დაფრენილიყო. ბელარუსის სამართალდამცავებმა შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტი და მისი მეგობარი ქალი დააპატიმრეს.

28 ივნისს ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მინსკში ევროკავშირის წარმომადგენელიც უნდა წავიდეს კონსულტაციების გამართვის მიზნით, ხოლო მათ, ვინც სანქციები დააწესა, ბელარუსში შესვლა აეკრძალებათ. ევროკავშირის სანქციების სამიზნეა ბელარუსის ეკონომიკის მთავარი სექტორები და ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმისთვის მოგების მომტანი სხვა წყაროები. ბელარუსი ევროკავშირს ადანაშაულებს სანქციების გამოყენებაში "იარაღად სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ზეწოლის განხორციელების მიზნით".

სამინისტრო აცხადებს, რომ მინსკი ასევე წყვეტს მონაწილეობას აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირსა და ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას - შორის.

მინსკმა ასევე დაიწყო პროცედურა, რომლითაც უნდა შეჩერდეს ევროკავშირსა და ბელარუსს შორის გაფორმებული რეადმისიის შეთანხმება, - აცხადებს სამინისტრო და დასძენს, რომ ეს ნაბიჯი "უარყოფით გავლენას იქონიებს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, უკანონო მიგრაციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით".

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბელარუსში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, დირკ შუებელი, სამინისტროში დაიბარეს ამ ნაბიჯების გასაცნობად.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ოთხი დღით უძღოდა წინ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება მინსკის მრეწველობის მთავარი საექსპორტო სექტორებისთვის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის, პასუხად "ბელარუსში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ესკალაციაზე, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ოპოზიციის და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ რეპრესიებზე, 2021 წლის 23 მაისს რაინეარის რეისისთვის დაფრენის იძულებაზე და ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაკავებაზე, რასაც ამასთან ჰქონდა კავშირი".

ლუკაშენკას რეჟიმი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც მან სასტიკი რეპრესიები დაიწყო პოლიტიკურ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე, კამათის საგნად ქცეული, 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული არჩევნების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG