Accessibility links

site logo site logo

„მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ (?)


ავტორი: ნათია ჯანგულაშვილი

მასლოუს პირამიდის თანახმად, მოთხოვნილებათა იერარქიის უპირველეს საფეხურზე რომ ფიზიოლოგიური საჭიროებები უდგას ადამიანს, ნ. ლორთქიფანიძის ნოვალიდანაც („ტრაგედია უგმიროთ») ყველას კარგად მოგვეხსენება... ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ სოციალურ უთანასწორობასა და წარმოუდგენელ სიდუხჭირეში არავის სცხელა განათლებისთვის... მაგრამ მავანთ თუ ჰგონიათ, პანდემიამ დაგვმართა მოუცლელობა, გავბედავ რჩევას ეს ახლადგამომცხვარი მასწავლებელი და ვეტყვი, რომ ჯობს, რეალობას თვალი გაუსწორონ. ჩვენ, მგონი, არც არასოდეს გვეცალა განათლებისთვის. მე ნამდვილ მოცლას ვგულისხმობ, თორემ ქაღალდობანა, იცოცხლეთ, ჰგიეს! არადა, ამ წელს იმდენი ტრენინგი ჩატარდა, დათვლა არც მიცდია... «ახალმა» მიდგომებმა იჩინა თავი საშუალო განათლების საფეხურზე, _ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება "ახალი სკოლის მოდელის" მიხედვით. მომწონს. რატომაც არა. თუ რატომ, ამაზეც ითქმის ბევრი, ოღონდ სხვა დროისთვის გადავდოთ.

საქმე ის გახლავთ, რომ, ჩემდა გასაკვირად, ჭკუამოსაკითხი და ერთი შეხედვით, საქმეში ჩახედული ადამიანები თამამად აცხადებენ, მასწავლებლებს გადამოწმება სჭირდებათო. რამე ბერკეტია საჭირო მათი მონიტორინგისთვისო. ორი წელია, როგორც მასწავლებელი, ამ სისტემის ნაწილი ვარ და მეცინება, ღმერთმანი! არ არის გადამოწმებული სისტემა? ნუთუ ვინმე ფიქრობთ, რომ ქვეყანაში, სადაც რეპეტიტორობის ინსტიტუტი ასე წარმატებითაა ფეხ და ფესვმოკიდებული, სკოლა თავის ფუნქციას ასრულებს? (თუმცა, მხოლოდ ეროვნულებისთვის მზადება რომ არაა სკოლის ფუნქცია, ამაზეც ვიუბნოთ). თუ ასეა, მაპატიეთ, მაგრამ თქვენ გულუბრყვილოთა რიგებში უნდა მოგიაზროთ...

ყველაფრისთვის ვიცლით, რესურსი იხარჯება მასწავლებელთა გადამზადებისათვის (ტრენინგებს რომ ვუწოდებთ), არანაკლები თანხა ხმარდება სახელმძღვანელოთა გრიფირების პროცესს (ეს კარგია თუ ცუდი, ცალკე საკითხია, აღნიშნული ფორმატი რომ ვერ მოიცავს), მაგრამ თვალთახედვის მიღმა რატომ გვრჩება კლასში მოსწავლეთა რაოდენობა, არ მესმის (ან მესმის და მაინც, არ მინდა, დავიჯერო). რატომ არავინ საუბრობს იმ უცილობლად დიდ, ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე, რასაც კლასში 25-30 მოსწავლის ყოფნა ჰქვია? განსაკუთრებით, დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში. როცა ამ დროს, ასევე, საჭირბოროტო საკითხი დგას ჩვენ წინაშე რაიონებისა თუ სოფლის სკოლების მაგალითზე: იქ მცირე რაოდენობაა მოსწავლეებისა, უარეს შემთხვევაში კი ꟷ უკლასო სკოლები. სად არის გამოსავალი? მე ამ გამოსავლად, ეგებ, მავანთათვის უტოპიური, ორი გზა მესახება: განიტვირთოს კლასები, ანუ აშენდეს სკოლები. ან ꟷ ისე განვითარდეს სოფლის მეურნეობა, რომ გამოიწვიოს ხალხის სოფლად მიბრუნება, რაც, თავის მხრივ, განტვირთავს კლასებს (პროფესიული სასწავლებლების ავკარგიანობა, მათი მნიშვნელოვნების სკოლამდე მიტანა, საზოგადოების მენტალური მზაობა, იმ საზოგადოების, დიპლომიანი სასიძოთი/სარძლოთი მეზობელს თვალები რომ უნდა მოსთხაროს, ან მისი შვილი „დოხტური რომ უნდა გამევიდეს“ და სხვ. ꟷ ეგეც ცალკე სამსჯელო საკითხია). რატომ? თუ მართლაც, მოსწავლეზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ მიდგომებზე გვაქვს სწორება, სხვა გზა, უბრალოდ, არაა! სულ რომ ემერიტუს პროფესორი ვიყო, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევ. ჩემს სასურველ შედეგს, ჩემი მასწავლებლობის მიზანს დავით გურამიშვილის ნათქვამზე უკეთ მე ვერ გავასიტყვებ: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს, საცნობლად თავისადაო“... აბა, გადავხედოთ ახალგაზრდებს, იმათ, ჩემი სიბერე რომ უნდა ვანდო, ასეა? სკოლა ეხმარება მათ საკუთარი ინტერესების პოვნაში? თავის შეცნობის ბიძგს მაინც აძლევს, ნეტავ? (თქვენ არ მიწყინოთ, ერთგულო, მუდამ კულისებში მყოფო, საკუთარი საქმის უშურველად და კეთილსინდისიერად მკეთებელო მასწავლებლებო. მადლობა, რომ ხართ, მაგრამ ცოტანი ხართ, საუბედუროდ).

მე მესმის, რომ კლასების განტვირთვა ხარჯია ბიუჯეტისთვის, ვეჭვობ, „ზედმეტი“ ხარჯი. მაგრამ აბა, სხვაგვარად, როგორ? სხვაგვარად მხოლოდ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი! ამას მე გეუბნებით, ეგვიპტიდან ებრაელთა გამოყვანას რომ ბედავს (ზაალ ჩხეიძე) და დანებებას ჯერ არ აპირებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ქარის წისქვილებთან ბრძოლის ამაოებასაც ვერ უხუჭავს თვალს...

ჩვენ გვახსოვს, შენდებოდა ეკლესია-მონასტრები უწინ... და ისიც ვიცით, რომ მხოლოდ „ლოცვად მუხლმოყრა“ არ იყო კტიტორთა მიზანი. ახალმა რელიგიამ წიგნის არსებობის, განათლების მიღების საჭიროება მეტი სიმძაფრით დააყენა. სამწიგნობრო კერები, გადამწერთა თუ კალიგრაფთა სკოლებიც ხომ აქ იშვა, ამ წიაღში. გიორგი ათონელი თვით ანტიოქიის პატრიარქს ეკამათებოდაო საქართველოს როლზე მართლმადიდებლურ სამყაროში, ꟷ თავს ვიწონებთ და ასეთი თავმომწონეობითაც ვასწავლით სტუდენტებს ამ ამბავს. „ყურანი“ ზედმიწევნით კარგად იცოდნენ ჩვენში მეფეებმაო, ꟷ არც უმაგისობაა. მაგრამ ნეტავ, რატომ? რამ მისცა ამის „გამბედაობა“ ან ბერს და ან ერს? რიტორიკულია ჩემი შეკითხვა და, მისი ბუნებიდან გამომდინარე, უპასუხოდვე დარჩეს.

და მაინც, სანამ კრედიტ ქულებზე ჩასაფრებულ, სტატუსებზე მორბენალ არსებებად გადააქცევდეთ ახალ სისხლს, სასკოლო სისტემაში მოსულ ახალგაზრდა მასწავლბლებს, შევცვალოთ რამე, თქვენ ზემდგომნო და თქვენ, ქვემდგომნო! თუ გულწრფელები ვართ, თუ ვბედავთ, ვასწავლოთ, თუ ვიაზრებთ, რომ ჩვენც ვსწავლობთ სწავლებით... ხმა ამოვიღოთ, მასწავლებლებო! სიტყვა საქმიანად და საქმე სიტყვიანად! სამასწავლებლოებში ლიტონ მჯიღისცემად რომ არ დარჩეს ჩვენი შფოთვა. ვფიცავ ლიტერატურას, სხვაგვარად, არ გვაქვს უფლება ბავშვებს ვასწავლოთ: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისაო“. სტაჟიანებს ხომ უფრო მეტი გეთქმით? თქვენ თაობები გყავთ აღზრდილი და აბა, გაადევნეთ თვალი წარსულს, აწმყოსაც შეხედეთ ჯიქურ, პირდაპირ, ამისთვის იბრძოდით? გამართლებულია თქვენი მასწავლებლობა და ის შრომა, ოფლი და გარჯა, რაც ჩააქციეთ ამ პროფესიას? უკეთესობა არ შეიძლება? კმაყოფილნი ხართ? თუ ꟷ კი, ღმერთმა შეგარგოთ! მე კი მაგ მარაქაში ვერ გავერევი. მე ჩემი დაღლით უნდა დავიღალო, ჩემი ბრძოლა მაქვს მოსაგები, სანამ მიფიქრია: „არცა შიოლა ყოფილა-მეთქი“ და სანამ გამომიცრავს თეიმურაზ ხევისთავივით: „იმას ვერ ვასწავლი, რაც მე თვითონ არა მწამს-მეთქი“. სხვაფრივ კი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG