Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბორჯღალოსნები" მოედნიდან დაუჭერენ მხარს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას


საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ერთობლივი ინიციატივის შესახებ დღეს ისაუბრეს, გაეროს სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ერთობლივი ინიციატივის შესახებ დღეს ისაუბრეს, გაეროს სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს სარაგბო ნაკრები ივლისში გასამართ ტესტ-მატჩებს ჩაატარებს მაისურით, რომელზეც დატანილია წარწერა UN Women. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი ფორმით ბორჯღალოსნები მხარდაჭერას უცხადებენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას.

საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ერთობლივი ინიციატივის შესახებ დღეს ისაუბრეს, გაეროს სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძეც დაესწრო.

რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძის განცხადებით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების სტატისტიკა მისთვის მოულოდნელი და შემაშფოთებელია და ამ პრობლემასთან ბრძოლაში, მორაგბეების აქტიურობა ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა კი აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნები უკვე მრავალი წელია, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართულები და მადლობა გადაუხადა თითოეულ მორაგბეს, რომელიც ივლისში გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩებს ქალთა უფლებებს და მათ გაძლიერებას მიუძღვნის.

საქართველოს ნაკრები 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას სტუმრად დაუპირისპირდება. 17 ივლისს კი თბილისში, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს - შოტლანდიას უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG