Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დააბნია მინისტრმა წულუკიანმა ლიტერატორები


სოციალურ ქსელში ლიტერატორები მთელი დღეა ბჭობენ იმაზე, თუ რისი თქმა სურდა თეა წულუკიანის უწყებას. კულტურის სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება და გაემიჯნა მწერალთა სახლის დირექტორის, ნატა ლომოურის, გამოთქმულ აზრს:

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ტელეკომპანია "ტვ პირველის" ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მწერალთა სახლის ხელმძღვანელის, ნატა ლომოურის, განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლიტერატურული პრემია "საბას" გაცემა "მიდის ხუთი ადამიანის სუბიექტურ გემოვნებამდე".

სამინისტრო აცხადებს, რომ მოცემული შეფასება მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და არ გამოხატავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიციას“.

ნატაშა ლომოურის აზრი საკონკურსო წიგნების შერჩევაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:27 0:00

„ფეისბუკის ჩემ გვერდზეც ეს განცხადება გადმოვდე სწორედ იმიტომ, რომ ჩემი კოლეგა ლიტერატორებისთვის მეკითხა და მათ სემიოლოგიური ანალიზის მეშვეობით გაერკვიათ შინაარსი, რას გულისხმობდა კულტურის სამინისტროს განცხადება. მოგეხსენებათ, უამრავი ლიტერატორი საკმაოდ რთულ ტექსტებს იკვლევს, დაწყებული მოდერნისტებიდან პოსტმოდერნისტებით დასრულებული, მაგრამ ასეთი გაუგებარი მიზნისა და შინაარსის, პათოსის ტექსტი არავის წაუკითხავს.

რამე ხომ არ აერიათ? თუ იმის ჩვენება იყო ბანალურად, მიეთითებინა - აქ მე ვარ უფროსი. სხვანაირად ვერ ავხსენი, რა შუაშია მწერალთა სახლის დირექტორის ნათქვამთან, რომ "საბას" ჟიური სუბიექტურად, თავისი გემოვნებით წყვეტს ნაწარმოების ავკარგიანობას“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ლაშა ბუღაძე.

შოთა იათაშვილი და ლაშა ბუღაძე
შოთა იათაშვილი და ლაშა ბუღაძე

„სიბრიყვეა საუკეთესო შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში ყველაფრის კონტროლირების სურვილია.

ფაქტია, რომ იმ ხალხის დასაცინად გაიხადეს თავი, ვისზე ზრუნვაც ევალებათ”, - ამბობს პოეტი და ჟურნალ „საუნჯის“ რედაქტორი შოთა იათაშვილი.

მისი თქმით, ნატა ლომოურის ნათქვამის აზრი სტანდარტულია, აქამდეც ათასჯერ თქმულა და კიდევ ათასჯერ ითქმება, კულტურის სამინისტროს განცხადება კი სრულებით გაუგებარია.

„თავისი გემოვნებით აფასებს ჟიური და რაც არ უნდა ობიექტურობის მცდელობა იყოს, სუბიექტურობა არის ამაში. საერთოდ, "საბას" კონკურსთან რა შუაში იყო კულტურის სამინისტრო? რამდენი სიპ-ი ჰყავს სამინისტროს, უნდა სდიოს და აფიქსიროს მათი აზრები და გაემიჯნოს?

ამის იქით ეს სიბრიყვე სად შეიძლება წავიდეს, არ ვიცი“.

მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის მუშაობასა და ლიტერატურული ნაწარმოების შეფასებაზე ნატა ლომოურისგან განსხვავებული აზრი აქვს, მიუღებლად მიიჩნევს სამინისტროს ამგვარ რეაქციას ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი.

„ნატაშკამ რაც თქვა, რატომ იყო არასაკამათო? მე, მაგალითად, სულ არ მგონია, რომ სუბიექტურ კრიტერიუმებამდე დაიყვანება ყველაფერი და ჟიურის გადაწყვეტილება შემთხვევითია. ნებისმიერ შემთხვევაში, კულტურის სამინისტროს განცხადება, რომ სსიპ-ის დირექტორის პოზიცია არ გამოხატავს სამინისტროს პოზიციას, პრობლემურია უკვე იმიტომ, რომ ვიღაც სამინისტროში ვარაუდობს, რომ სსიპ-ის დირექტორების პოზიცია ან უნდა ეთანხმებოდეს სამინისტროსას, ან სულაც შეთანხმებული უნდა იყოს“.

თეონა დოლენჯაშვილი
თეონა დოლენჯაშვილი

თეონა დოლენჯაშვილი, „საბას” ორგზის გამარჯვებული მწერალი, რომლის პოსტის გამოც დაიწყო საჯარო მსჯელობა იმაზე, რამდენად ობიექტური თუ სუბიექტურია ჟიურის გადაწყვეტილებები, ამბობს, რომ განცხადების წაკითხვისას დაიბნა, გაოცდა, გაეცინა და შემდეგ გაბრაზდა, რადგან დაინახა მცდელობა, რომ სამინისტრომ, როგორც „დიდმა ძმამ“, გააკონტროლოს თავისი უწყების თანამშრომელი.

„არ ვიცი, რა შეიძლება აქ მოძებნო [ნატაშას განცხადებაში], მაგრამ ამოგლიჯეს კონტექსტიდან და ძალიან მწარედ დაუქნიეს თითი. თითქოს - შენ ხარ სსიპ-ის თანამშრომელი, ჩვენი ქვეშევრდომი და შეგვითანხმე ყველა სიტყვა. ჩვენ მიერ საზღვრებიდან გახვედი. იქნებ ტვ პირველზე მისვლას გამოეხმაურნენ? ყველა ქვეტექსტი ერთად იყრის თავს”.

დოლენჯაშვილი ფიქრობს, რომ ასეთი შემთხვევებით შეიძლება მომავალში პრობლემა შეექმნას არა მხოლოდ სიპ-ის თანამშრომლებს, არამედ მწერლებსაც, რომლებიც მწერალთა სახლის დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობენ, განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში კი შეიძლება აღარ იყვნენ პროექტის მონაწილენი.

იმის მაგივრად, რომ განვითარებაზე იყოს საუბარი, დოლენჯაშვილის შეფასებით, წულუკიანის მოსვლით ლიტერატურის სფეროში სტაგნაციაა.

„ვამბობთ, რომ წელს წიგნის დედაქალაქია თბილისი და, უკვე მეშვიდე თვეა, ლიტერატურული ჟურნალები არ გამოიცემა. რაზე ვსაუბრობთ?!

ნახევარი წელი გავიდა და მწერალთა სახლის ყველა პროექტი გაჩერებულია, კონკურსი „ლიტერა“ ჩაშლის პირასაა, იმიტომ რომ არ აქვთ თანხმობა სამინისტროს მხრიდან პროექტების დაძვრის. ამის გამო არც ჟიური შეკრებილა, არც წიგნების კითხვა დაწყებულა და თუ დროზე არ მოესწრო, პროექტი ვერ შედგება. ასევე ლიტერატურული ფესტივალი არის უსასრულოდ გადავადებული და ყველა ის პროექტი, რომელსაც მწერალთა სახლი ატარებს. ეს არის მთავარი პრობლემა და ამაზე პასუხებს ველოდებით სამინისტროსგან, რადგანაც არაერთი ადამიანის სარჩოა ამაზე დამოკიდებული. ველოდებოდით რაღაც ცვლილებებს უკეთესობისკენ, იმ კუთხით მაინც, რომ რადგან იურისტი მოდიოდა, ბიუროკრატიული პროცედურები მაინც გამარტივდებოდა, მაგრამ ჯერ სრული სტაგნაციაა და ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ“, - აცხადებს თეონა დოლენჯაშვილი.

რადიო თავისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, კულტურის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხი, რატომ გადაწყვიტა უწყებამ განცხადებით გამოხმაურებოდა ნატა ლომოურის სატელევიზიო რეპლიკას და რისი თქმა უნდოდა ამით.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG