Accessibility links

site logo site logo

დე ფაქტო ხელისუფლება თბილისს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს


ჟენევის დისკუსიის 53-ე რაუნდზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა სოფელ ჩორჩანის საპოლიციო საგუშაგოს აღება და საქართველოს ხელისუფლება დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. ამის შესახებ ოსური მედია იუწყება.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქართული მხარის „პროვოკაციული ქმედებები აღიქმება, როგორც დაძაბულობის განზრახ ესკალაცია და უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე სტაბილური და უსაფრთხო ვითარების შენარჩუნებისა და განმტკიცების შესაძლებლობაზე“.

ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შესთავაზეს ე.წ საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო ერთობლივი კომისიის შექმნა.

საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს საერთოდ არ განიხილავს, რადგან ე.წ საზღვარი ქართული მხარისთვის საოკუპაციო ხაზია, ხოლო რაც შეეხება ჩორჩანის საგუშაგოს, ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩორჩანის საგუშაგოს აღებას არ აპირებს, რადგან ეს საგუშაგო მდებარეობს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება.

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის მორიგი რაუნდი 29-30 ივნისს გაიმართა. ამ შეხვედრაზე ცხინვალის და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხიც დადგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG