Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პანდემიის მესამე ტალღა იწყება


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღა იწყება. ამის შესახებ სპეციალისტები მოსახლეობას უკვე აფრთხილებენ. დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო ერთი კვირაა, ინფიცირებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ბოლო სამ დღეში 50- მდე შემთხვევა დაფიქსირდა. დე ფაქტი რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული ექიმის, მარინა კოჩიევას თქმით, ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად მან მოსახლეობას ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ბოლო თვეებში ეს არის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური რეაქცია პანდემიის მესამე ტალღის მიმართ, რომელმაც უკვე მოიცვა ჩრდილოეთ კავკასია და, როგორც ჩანს, პირველ ნიშნებს ოკუპირებულ რეგიონშიც ავლენს. ცხინვალში ისევ მოუწოდებენ პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ. ეს კი, ადგილობრივი ექსპერტების აზრით, განგაშის ნიშნებია.

„ბევრი რამ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებას, რომელშიც ახლა ვართ, შეზღუდვების დაწესება სიტუაციიდან გამომდინარე მოხდება, მაგრამ იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები არ იყოს მკაცრი, ადრე გაცემული ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ. საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, ყველას ვთხოვ პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს”,- ციტირებს მარინა კოჩიევას ოსური სააგენტო „რესი“.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ალანია-რუსეთის“ თანათავმჯდომარის, როლანდ ქელეხსაევის თქმით, რაც მან წაიკითხა მესამე ტალღის შესახებ, რუსი ექიმების განცხადებები ყველაზე შემაშფოთებელია. როლანდ ქელეხსაევი ამბობს, რომ, ექიმების შეფასებით, ყველაფერი თავიდან იწყება:

„ვინც უკვე ავად იყო, მათ ეგონათ, რომ ყველაფერი უკან მოიტოვეს. მათ სთხოვეს, რომ ვაქცინაციაზეც არ მოსულიყვნენ და ახლა აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე პირველად ინფიცირებულები. მათი სხეული, გადატანილი ინფექციის გამო, დასუსტებულია და ისინი არ არიან დაცული ინდური შტამისგან, თუმცა ამბობენ, რომ ვაქცინირებულებს მსუბუქი ფორმით გადააქვთ ინდური შტამი, მაგრამ რამდენი ვაქცინირებული გვყავს? 300 ძალზედ ცოტაა. ვაქცინაცია ცუდად მიმდინარეობს. ვირუსი, როგორც იტყვიან, უფრო აგრესიულია, უფრო ძნელად გადასატანია. ჩვენმა ექიმებმა მიიღეს გამოცდილება, ისწავლეს ამ დაავადების მკურნალობა. ჩვენ გადავჭერით რამდენიმე პრობლემური საკითხი - მაგალითად, ახლა გვაქვს ჟანგბადის საკუთარი წარმოება. კიდევ ერთი პლუსი - სტუდენტები ახლა არდადეგებზე სახლში დაბრუნდნენ და ისინი არ წარმოადგენენ რისკის ფაქტორს. ახლა მთავარი კითხვა მოსახლეობასა და ხელისუფლებას ეხება, ისინი ხომ უკვე დარწმუნდნენ, რომ კოვიდი არ არის ხუმრობა. ბოლოს და ბოლოს, ასამდე ადამიანი დავმარხეთ ... კითხვები ასეთია: მზად არის თუ არა ხელისუფლება რაიმე გონივრული შეზღუდვა შემოიღოს და თანმიმდევრულად მისი შესრულება მოითხოვოს. მოსახლეობა მზად არის შეასრულოს უსაფრთხოების ეს ზომები? ჯერჯერობით არც ერთი შეინიშნება და არც მეორე, თუმცა დრო იქნება“, - უთხრა „ეხო კავკაზას“ როლანდ ქელეხსაევმა.

რადიო თავისუფლების წყარო, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ხელისუფლება ამაზე, ფაქტობრივად, თვალს ხუჭავს.

„აქ აღარავინ დადის პირბადით. ჩვეულებრივად ტარდება მასობრივი ღონისძიებები და სამხედრო სწავლებები. ჩვენთან იმასაც ვერ ადგენენ, ახალი ტალღა ინდური შტამით არის თუ არა გამოწვეული. ამის შესაძლებლობები არ არსებობს. მოქალაქეებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან. ორი თვეა, ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია და მხოლოდ სამასამდე ადამიანია აცრილი. ჯერ ისევ აქტიურობენ კოვიდდისიდენტები და ათასგვარ შეთქმულების თეორიას ავრცელებენ. ჩვენი მოსახლეობა კი ნაკლებად არის ინფორმირებული. მხოლოდ აცრისკენ მოწოდება საკმარისი არ არის, ხელისუფლება კი საზოგადოების ინფორმირებისთვის არაფერს აკეთებს. ამიტომ ვიღებთ იმ შედეგს, რასაც ვიღებთ. ფაქტია, რომ მესამე ტალღა უკვე დაწყებულია“.

დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საავადმყოფოს "წითელ ზონაში", 2 ივლისის მდგომარეობით, 39 მძიმე პაციენტს მკურნალობენ, - განუცხადეს სააგენტო „რესს“ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში. ერთი მძიმე პაციენტი ევაკუირებულია ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 3 520 ადამიანი დაავადდა, 3 404 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG