Accessibility links

site logo site logo

თაბაგარი "ღირსების მარშზე": ჯერჯერობით გეგმის მიხედვით ვაგრძელებთ მუშაობას, არაფერი შეგვიცვლია


გიორგი თაბაგარი

პრაიდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ გამართვაზე მუშაობა ჯერჯერობით გეგმის მიხედვით გრძელდება და ამ ეტაპისათვის გეგმაში ცვლილებები არ შესულა. მისი თქმით, მოძალადე ჯგუფების მხრიდან უსაფრთხოების გამოწვევები არსებობს და შესაბამისად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

„არაფერი არ შეგვიცვლია ჯერჯერობით დეტალებში. ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით და დედა ენის პარკში ვაპირებთ დასრულებას. ეს არის ჩვენი თავდაპირველი მარშრუტი და იმედი გვაქვს, რომ ავცდებით შეხლა-შემოხლას იმ ჯგუფებთან, რომლებიც მობილიზდებიან ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი თაბაგარმა. მისი თქმით, უსაფრთხოების დეტალებთან დაკავშირებით „ღირსების მარშის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას 5 ივლისსაც გეგმავენ და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გიორგი თაბაგარმა მედიასთან შეაფასა ასევე საპატრიარქოს გადაწყვეტილება, 5 ივლისს ორჯერ გამართოს პარაკლისი.

"მთელი დღე შეუძლიათ იქადაგონ, არ არის პრობლემა, თუ ეს მშვიდობიანი ქადაგება იქნება და ეს ქადაგება არ გადაიზრდება შემდეგ ტაბურეტკებიან სირბილში. დანარჩენი არის საპატრიარქოს გადასაწყვეტი მთლიანად. ჩვენ საპატრიარქოს ან სხვა ინსტიტუციებს არ ველაპარაკებით, ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ სახელმწიფოს, რომელიც პასუხისმგებელია მართლწესრიგზე ამ ქვეყანაში. ჩვენ ვერ მოვთხოვთ რაღაც რელიგიურ დაჯგუფებას, როგორ მოიქცეს, თუ როგორ არა. ეს არის სახელმწიფოს როლი და მისი პასუხისმგებლობა, რომ მათ უზრუნველყონ ადამიანების უსაფრთხოება ამ აქციაზე", - განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი ძალადობრივი ინციდენტების გამოსარიცხად, ორგანიზატორები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ღირსების მარშის“ საორგანიზაციო ჯგუფი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და საბოლოოდ შეთანხმებული გეგმა 5 ივლისს დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

"პრაიდის კვირეული" საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1 ივლისს გაიმართა დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, "ღირსების მარშის" ჩატარება კი 5 ივლისსაა დაგეგმილი.

"ღირსების მარშის" ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG