Accessibility links

site logo site logo

„თბილისი პრაიდი“ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი ძალადობრივი ინციდენტების გამოსარიცხად, ორგანიზატორები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ღირსების მარშის“ საორგანიზაციო ჯგუფი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და საბოლოოდ შეთანხმებული გეგმა 5 ივლისს დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

„როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ.

გელოდებით ღირსების მარშზე! მანამდე კი გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ივენთში თბილისი პრაიდის მიერ განთავსებულ ინფორმაციას“, - აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"პრაიდის კვირეული" საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1 ივლისს გაიმართა დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, "ღირსების მარშის" ჩატარება კი 5 ივლისსაა დაგეგმილი.

"ღირსების მარშის" ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG