Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა


საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ფიზიკური თავდასხმებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე.

"მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას.

პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

განცხადებაში სახალხო დამცველი შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად გაარიდონ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე.

სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან, "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ. მათ ლგბტ დროშები ჩამოხსნეს.

სიძულვილის ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისთანაც იყვნენ მისულები და იქ შესვლას ცდილობდნენ. იმის მიუხედავად, რომ ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებიან, მათ ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე პოლიციელია.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან უკვე შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG