Accessibility links

site logo site logo

ომბუდსმენი: საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ განსხვავებულის მიმართ ძალადობა არ არის საზოგადოების დაკვეთა


სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დღეს, პარლამენტთან მოქალაქეების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ აჩვენოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ განსხვავებულის დევნა და ნებისმიერი ნიშნით ძალადობა არ არის მისი დაკვეთა.

"მინდა მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა!"- წერს ნინო ლომჯარია ფეისბუკის პირად გვერდზე.

დღეს პარლამენტთან აქციას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები. დაგეგმილია მედიის აქციაც მთავრობის კანცელარიასთან. ძალადობრივი ჯგუფები ფიქრობენ, რომ ეს აქცია "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი და გაუქმებული "ღირსების მარშის" ჩატარების მცდელობაა და კონტრაქციისთვის ემზადებიან.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს როგორც ოფისების დარბევის, ასე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ამ დრომდე დაკავებულია ჯამში 11 პირი, რომელთაგან 8-ს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, 3-ს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG