Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით - სად არის ხელისუფლება?


კონსტიტუციის იგნორირების, დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციის, ჟურნალისტების მასობრივი ცემისა და მოძალადეთა მიმართ ლოიალობის ფონზე, 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ გადაიდო.

ერთი შეხედვით, სახელმწიფომ თითქოს სისუსტე აღიარა და განაცხადა, რომ ვერ დაიცავდა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა კონსტიტუციურ უფლებებს; თუმცა ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებებმა ბევრისთვის ისიც ცხადყო, რომ სახელმწიფომ, სინამდვილეში, ძალადობა არ შეაჩერა და მოძალადე ჯგუფებისა და საპატრიარქოს ინტერესების შესაბამისად იმოქმედა. პოლიტიკოსები და უფლებადამცველები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ ნაწილად მიზანმიმართული გეგმისა, რომელიც საქართველოს დასავლური ორბიტიდან ჩამოშორებასა და პრორუსული გავლენების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სიძულვილის ჯგუფებმა დარბევა და თავდასხმები 5 ივლისს დილიდან დაიწყეს: სცემდნენ ადამიანებს, აშალეს პარლამენტის წინ მდებარე კარვები, ჩამოაგდეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. ეს ყველაფერი თბილისში მართლმადიდებლობის სახელით, „ღირსების მარშის“ შესაჩერებლად ხდებოდა.

სიძულვილის ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიასაშუალებების 50-მდე წარმომადგენელმა, მათ შორის ორი - რადიო თავისუფლების ჟურნალისტია. პოლიციას ადგილზე არცერთი მოძალადე არ დაუკავებია. უწყებამ მხოლოდ მოგვიანებით გააკეთა განცხადებები სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და დამნაშავეების დასჯის განზრახვის შესახებ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ძალადობას გამართლება არა აქვს, მაგრამ, საბოლოოდ, მომხდარში ისევ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები დაადანაშაულა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებმა მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მოსალოდნელი საფრთხეები არ გაითვალისწინეს და ღონისძიება დროულად არ გადადეს.

„ღირსების მარშის“ გადადებას დაპირისპირების პრევენციის ერთადერთ ნაბიჯად განიხილავდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში გაკეთებული მისი განცხადება ბევრმა სწორედ ძალადობრივი ჯგუფების წახალისებად ჩათვალა და მათ შორის იყო სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც. მისი შეფასებით, პრემიერმა ერთმანეთთან „უფლებრივად გაათანაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები“.

პოლიტიკოსები და უფლებადამცველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მონდომების შემთხვევაში, ხელისუფლებას შეეძლო ძალადობის პრევენცია, რადგან როცა ეს საჭიროდ ჩათვალა - ხელისუფლებამ უპრეცედენტო საპოლიციო რესურსი და გადამეტებული ძალაც გამოიყენა, მაგალითად - 20 ივნისის მოვლენების დროს და ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის მსვლელობისას.

„თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი თავის ფეიქბუკგვერდზე წერს, რომ მოძალადეები აქტიურად და ორგანიზებულად დასდევდნენ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს და ერთგან „რაღაც ასაფეთქებელიც“ კი შეუგდეს. თაბაგარი სვამს შეკითხვას - „სუს-ის და სახელმწიფოს დახმარების გარეშე როგორ მობილიზდებოდა ეს ხალხი ასე ეფექტურად?!“.

გულგრილობა თუ მოძალადეების დახმარება?

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოების ყურადღება პოლიტიკური ნიშნითაც მიიპყრო და ბევრისთვის ისიც გამოააშკარავა, რომ - „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების უფლებების დაცვა ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა.

პრემიერ-მინისტრმა თქვა, და მოგვიანებით ირაკლი კობახიძემაც გაიმეორა, რომ „ღირსების მარშის“ მიერ საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევა რადიკალური ოპოზიციისა და უპირველეს ყოვლისა - „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის და რომ პროცესების უკან სწორედ ოპონენტები დგანან.

„სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები. აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ მსგავსი განცხადებებით ხელისუფლება იმ აშკარა ფაქტის გადაფარვას ცდილობს, რომ 5 ივლისს ის საპატრიარქოს მიერ მობილიზებულ სიძულვილის ჯგუფებს უჭერდა მხარს და, შესაბამისად, მათ თავისუფლად მოქმედების საშუალებაც მისცა. ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე გვეუბნება, რომ პრემიერის „უზნეო ცილისწამება“ საარჩევნო მიზნებითაც არის განპირობებული.

„ეს არის მოსახლეობის გაბრიყვების წინასაარჩევნო ხრიკი. ჩვენ ვხედავთ საპატრიარქოსა და ხელისუფლების მოქმედებებს პრინციპით „ხელი ხელს ბანს“. საპატრიარქოს მხარდაჭერა ხელისუფლებას არჩევნებზე ესაჭიროება, ხოლო საპატრიარქო, თავის მხრივ, კვლავაც მოელის საბიუჯეტო დაფინანსებას, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისგან დაფინანსებას - ბიუჯეტიდან მოპარული ფულით; ქონების, მიწების, ტყეების გადაცემას და ასე შემდეგ... ეს არის პირდაპირ რუსული სტილი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს თბილისში რუსეთი თარეშობდა საპატრიარქოსა და მთავრობის სახით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რომან გოცირიძემ.

რუსეთის ფაქტორი, ანტიდასავლური განწყობა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დამფუძნებლის, თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, მართლმადიდებლობა საქართველოში „იდეოლოგიზაციის“ ეტაპიდან თანდათან „პოლიტიზაციის“ ეტაპზე გადავიდა მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა საპატრიარქოს მმართველ გუნდთან „ძალიან დაახლოებული“ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ეს პროცესები უნდა წავიკითხოთ ასევე გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რადგან ეს პროექტი პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთთან“.

ბექა მინდიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში განვითარებული მოვლენების ჭრილში ჰომოფობია წარმოადგენდა მხოლოდ „გამაღიზიანებელ“ საბაბს - საპატრიარქოს მიერ ხალხის მობილიზების კუთხით.

„ამ პროექტის მიზანია ის, რაც დღეს (5 ივლისს) ჩვენ რუსთაველის გამზირზე (პარლამენტის შენობის წინ) ვნახეთ - ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და ნაციონალისტური დისკურსის საბურველში რეალისტურად პრორუსული ძალების გაბატონების დეკლარირება. საპატრიარქომ დღეს თქვა - ჩვენ ვართ მთავარი პოლიტიკური მოთამაშე ჩვენს საზოგადოებაში, არ ვემორჩილებით ლიბერალურ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ წესრიგს“, - გვეუბნება მინდიაშვილი.

მისი შეფასებით, ამ პროექტის ნაწილად „იკითხება“ ხელისუფლებაც, რადგან მან არაფერი გააკეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად და ამ მხრივ, „პირველ რიგში, პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება“.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა მკაფიო ანტიდასავლური განწყობები ამოიკითხა საპატრიარქოს მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლითაც ის ხალხს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებდა. ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, „ღირსების მარშის“ მხარდაჭერით ზეწოლას ახორციელებენ, მკვეთრად ერევიან „საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში“ და მხარს უჭერენ „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდას“.

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილისთვის ნათელია, რომ საპატრიარქოს მიერ წაქეზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სამაგალითოდ დასაჯეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, რადგან საზოგადოების ეს ნაწილი დასავლური ფასეულობების დამცველად მოიაზრება.

„აქ არის ბრძოლა ღირებულებით ნაწილში დასავლური პლატფორმის, ვექტორისა და კურსის წინააღმდეგ. საპატრიარქოს მიზანსწრაფვაში ჩანს, რომ დასავლეთი, დასავლური ღირებულებები, თავისუფალი სამყარო, კრიტიკული მედია და თავისუფალი მოქალაქეები წარმოადგენენ გადაულახავ ბარიერს, რომელსაც ის ვერ ათვინიერებს და, შესაბამისად, ეს ემუქრება მათ კაპიტალს, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ხელისუფლებისთვის არჩევნებისთვის შესათავაზებელი ელექტორატის კუთხით“, - გვეუბნება გიორგი ტიგინაშვილი.

ჟურნალისტების მასობრივად ცემის ფაქტს საპატრიარქომ 5 ივლისს, თავის განცხადებაში „გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი“ უწოდა და მართალია, მომხდარი „ყოვლად დაუშვებლადაც“ შეაფასა, მაგრამ ხელისუფლებისთვის მოძალადეთა შეჩერება ან დასჯა არ მოუთხოვია. მანამდე საპატრიარქო აქტიურად მოითხოვდა ხელისუფლებისგან, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეშვა სრულიად მშვიდობიანი და არაძალადობრივი „ღირსების მარშის“ გამართვა, ქვეყნის დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მიზნით.

5 ივლისს განვითარებული მოვლენების ჭრილში პასუხისმგებლობას მთლიანად საქართველოს საპატრიარქოს აკისრებს მანჩესტერისა და ბირმინგემის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე. საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დეკანოზი საპატრიარქოს „ძალადობრივი კონტრაქციის შემოქმედს“ უწოდებს; ხოლო ხელისუფლებას „მიზანმიმართულ უნიათობაში“ ადანაშაულებს.

5 ივლისს, საღამოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა კიდევ ერთი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს“ და „სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება“. მაგრამ ფაქტია, რომ მომხდარში ისინი, ხელისუფლების მსგავსად, თავად ლგბტქ+ თემს ადანაშაულებენ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ძალადობამდე საქმე თავად ლგბტ თემმა მიიყვანა, რომელმაც „გადათელა მოსახლეობის აზრი“. „პრობლემა დგება მას შემდეგ, როდესაც მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა იწყება“, - თქვა ჯაღმაიძემ.

5 ივლისს, ქაშვეთში ჩატარებული წირვის შემდეგ, პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა, რომ რამდენჯერაც იქნება მცდელობა „მსგავსი ღონისძიების ჩატარების“, იმდენჯერ „ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG