Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტვ პირველთან მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია


ტვ პირველის შენობასთან საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მობილიზებული, - ტელეკომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალადობრივი ჯგუფები ტელევიზიაზე თავდასხმას აპირებენ.

ტელეკომპანიის ცნობით, პოლიცია აკონტროლებს ზოვრეთის ქუჩაზე ტელევიზიის შენობას და მის შემოგარენს ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ძალადობრივ ჯგუფებს საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ ტელევიზიაზე თავდასხმას აპირებდნენ, არ გაუკეთებიათ.

ტელეკომპანიის დირექტორი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ მას არ აქვს იმედი სახელმწიფოსგან, რომ საფრთხის შემთხვევაში მათ უსაფრთხოებას დაიცავს სათანადოდ, თუმცა თავად ტელევიზიის თანამშრომლები და მენეჯმენტი დაიცავს ტელევიზიას. ის ამბობს, რომ გასული ორი დღის განმავლობაში მედიაზე თავდასხმა ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ხელისუფლებისგან არის წახალისებული და მედიის დაშინებას ისახავს მიზნად.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს როგორც ოფისების დარბევის, ასე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ამ დრომდე დაკავებულია ჯამში 11 პირი, რომელთაგან 8-ს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, 3-ს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას.

5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და სახელმწიფოს არაეფექტიანი მუშაობა 6 ივლისს მდუმარე აქციით გააპროტესტეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ. სიძულვილის ჯგუფებმა კვლავ გამართეს კონტრაქცია, იძალადეს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებზე. სამართალდამცველებმა მედია და აქციის მონაწილეები "უსაფრთხო დერეფნებით" გაიყვანა ტერიტორიიდან აქციის დასასრულს, რუსთაველის გამზირი კი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. მათ გუშინ მეორედ ჩამოხსნეს პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა.

XS
SM
MD
LG