Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები თბილისში განხორციელებულ ძალადობას გმობენ


სამი ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი, „თბილისი პრაიდის“ ფარგელბში დაგეგმილი ღირსების მარშის დღეს, 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტებს გმობენ, ამის შესახებ აღნიშნულია 6 ივლისს მათ მიერ გავრეცელებულ განცხადებაში.
„მკაცრად ვგმობთ თბილისში გუშინდელ (5 ივლისის) ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც სამწუხაროდ, ლგბტქი პრაიდის მსვლელობის იძულებით გაუქმდება განაპირობა, სამწუხაროდ, პრაიდის მსვლელობის წინ საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა წარმომადდგენლებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა ესაუბრათ ხმაღლა და მკაფიოდ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ. ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობას არ აღმოაჩნდა ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ამ შეკრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი მზაობა.

სხვა მოქალაქეების მსგავსად, ლგბტქი+ პირებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობა.

საქართველოს ხელისუფლებას 2024 წელს ევროკავშირში წევრობის თაობაზე ოფიცილური განაცხადი აქვს შეტანილი. შევახსენებთ მათ, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებით დადგენილი ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს, ქვეყანაში იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან მოველით ხსენებული თავდასხმების ჩამდენების დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - ნათქვამია 6 ივლისს ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

28 ივნისს ევროპარლამენტის ლგბტქ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა საქართველოს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს სთხოვეს "ღირსების მარშის" დაცვა და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების უზრუნველყოფა. მაშინ განცხადებას 30 დეპუტატი აწერდა ხელს.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და სახელმწიფოს არაეფექტური მუშაობა 6 ივლისს მდუმარე აქციით გააპროტესტეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ. სიძულვილის ჯგუფებმა კვლავ გამართეს კონტრაქცია, იძალადეს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებზე. სამართალდამცველებმა მედია და აქციის მონაწილეები "უსაფრთხო დერეფნებით" გაიყვანა ტერიტორიიდან აქციის დასასრულს, რუსთაველის გამზირი კი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს.

XS
SM
MD
LG