Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 4 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა


მსოფლიოში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა COVID-19-ს - იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 7 ივლისს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ოფიციალური მონაცემი ბევრად ნაკლებია, ვიდრე რეალური სურათი.

ბევრ ქვეყანაში აღინიშნება შემაშფოთებელი ეპიდემიოლოგიური ტენდენცია, იმ ფონზე, როცა სულ უფრო მეტად ვრცელდება ვირუსის ახალი, დელტა ვარიანტი, რის გამოც აზიაში და სხვაგან ქვეყნები იძულებულნი არიან შეზღუდვები აამოქმედონ, მაშინ, როცა მდიდარ ქვეყნებში ამ შეზღუდვების შემსუბუქების ტენდენციაა.

"მსოფლიო სახიფათო ვითარებაშია ამ პანდემიაში" - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი.

ვარაუდობენ, რომ იაპონია დამატებით შეზღუდვებს შემოიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, მათ შორის საგანგებო ვითარებას ტოკიოში, სადაც რამდენიმე კვირაში ოლიმპიური თამაშები უნდა დაიწყოს. ორგანიზატორები 8 და 9 ივლისს შეხვედრებს გამართავენ და, როგორც ვარაუდობენ, თამაშებზე საერთოდ აკრძალავენ მაყურებლის დასწრებას.

მიუხედავად ვაქცინაციის შედარებით სწრაფი ტემპისა, ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება აშშ-ში, სადაც ასევე კორონავირუსის დელტა ვარიანტი ვრცელდება. მაგრამ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იანვრის სურათს, როცა ყოველდღიურად 200.000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხებოდა.

ბრიტანეთში შემთხვევებმა იანვრის შემდეგ პირველად გაასწრო 30.000-ს, არადა ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება თარიღამდე, როცა მთავრობა კორონავირუსის ყველა შეზღუდვის მოხსნას აპირებს.

XS
SM
MD
LG