Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა


ბრალდებულები ზაზა ჭაავა, ზაზა მჭედლიძე და მურად დევლარიშვილი
ბრალდებულები ზაზა ჭაავა, ზაზა მჭედლიძე და მურად დევლარიშვილი

ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის, „მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

"ტრანსპორტმა მიმტყუვნა, ახალი გადმოწყობილი მქონდა მარჯვენა ხელზე … მივდიოდი იმისთვის, რომ მოძღვარი დავინახე, მინდოდა მისთვის პური მიმეტანა… გამექცა მოტოციკლი, ბოლოს ხელი გამეშვა, ვიგინებოდი და ვყვიროდი - ამის დედა… - მივხვდი, რო ვერ ვაჩერებდი. ამ შევარდნის დროს ოპერატორი წიხლებით შემომახტა… თუ თვლიან ეს ხალხო, რომ მე ვიძალადე და ასე მწირავენ, გამწირონ… საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი…” - თქვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზაზა ჭაავამ სასამართლო სხდომაზე. მას მარცხენა ხელი არ აქვს და როგორც თქვა სასამართლო სხდომაზე, პრობლემა აქვს ერთ ფეხზეც, რის გამოც გადაადგილება უჭირს.

„რაც ჩავიდინე, გულწრფელად ვინანიებ. ვარ ომის მონაწილე, პუტინის მონას რომ გიწოდებენ, გაღიზიანდები, დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, ტაძარში ვმსახურობ. ალბათ, ჩემი საახლობლოც იტყვის, რომ მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე იმასაც ვნანობ, მიმალვას არ ვაპირებ.
ოჯახი მყავს პატივცემულო მოსამართლე, დამეჩაგრება შვილები“
, - თქვა ზაზა მჭედლიძემ, რომელიც სასამართლო სხდომაზე ადვოკატის გარეშე წარსდგა და აღკვეთი ღონისძიების გარეშე თავისუფლებას ითხოვდა მოსამართლისგან.

"მე აქციაზე მარტო ვიყავი, ქართველი ადამიანი, 4 შვილის მამა ვარ, არავის მიმართ მუქარა არ განმიხორციელებია, ეკლესიაში შევედი, სანთელი ავანთე.

ერთეულმა ჟურნალისტებმა შეურაცხყოფა მოგვაყენეს, პუტინის მონები, მოძალადეები გვიწოდეს, ჟურნალისტებს და ტელევიზიას პატივს ვცემ, მაგრამ ზოგიერთები შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარტო ვიყავი, მდგომარეობიდან გამოვედი და ხელი მოვუქნიე, ჩემ ხელის მოქნევაზე მზად ვარ პასუხი ვაგო, არავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. აღელვების ნიადაგზე ხელი მოვიქნიე, „კავკასიის" ოპერატორს გადავეფარე, ხალხი დავამშვიდე, რომ ჟურნალისტებისთვის არ დაერტყათ. არც სასამართლოს გავურბივარ და არც ვძალადობ, არც არავისთვის საშიში არ ვარ, რაც ჩავიდინე დანაშაული, არ გავურბივარ და მზად ვარ იმაზე პასუხი ვაგო. ის რომ ხალხთან ერთად ვიყავი, ვიღაცას ვაგინებდი, ვემუქრებოდი, ტყუილია. ქართველი ადამიანი ვარ, მშვიდობიანად ვდგავართ, ვლოცულობთ და პუტინის მონებოო, გვეძახდნენ",- ეს მურად დევლარიშვილის სიტყვაა სასამართლოში. ადვოკატი სასამართლოზე ითხოვდა მის გათავისუფლებას 3 000 ლარიან გირაოს სანაცვლოდ იმის გათვალისწინებით, რომ დევლარიშვილს ჰყავს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მეუღლე, მშობლები, 4 მცირეწლოვანი შვილი და აქვს იპოთეკით დატვირთული სახლი.

პროკურატურამ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა.

უწყების თანახმად,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და ,,ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, ბრალდებულები ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, აიძულებდნენ შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების ამსახველი მასალა.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარედგინათ. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბოლო მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული, მათგან ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG