საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო ილიას უნივერსიტეტის ლექტორის ყოფილი ქმრის მიერ მკვლელობის საქმე. ესაა პირველი ფემიციდის საქმე, რომელიც საქართველოდან წავიდა ევროპულ სასამართლოში და რომელზეც სასამართლომ დაადგინა ორი მუხლის დარღვევა (მეორე და მე-14 მუხლები). სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მაკა წივწივაძე, რომელსაც სიცოცხლეში არაერთხელ ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე და არ გამოიძია იმ სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საქმე, ვინც გულგრილობა გამოიჩინა მის მიმართ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდაცვლილის დედას, ანუ მოსარჩლეს ზიანის ანაზღაურების სახით სახელმწიფომ 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია ყოფილი ქმრის მხრიდან ქალზე ძალადობის შესახებ. 2014 წლის აპრილსა და სექტემბერში ქალმა და მისი ოჯახის წევრებმა მიმართეს უწყებას მუქარისა და შეურაცხყოფის გამო და ზომების გატარება მოითხოვეს, თუმცა შსს-მ ეს "მცირე ოჯახურ კონფლიქტად" მიიჩნია. ჯამში მაკა წივწივაძემ და მისმა დედამ პოლიციას 11-ჯერ მიმართეს დახმარებისთვის.
"სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აჩვენეს მუდმივი მარცხი, განეხორციელებიათ ნაბიჯები, რომლებსაც ტრაგიკული შედეგის შეცვლის ან ზიანის შერბილების რეალური შესაძლებლობა შეიძლება შეექმათ. ისინი აშკარად უგულებელყოფდნენ სხვადასხვა დამცავი ზომების ფართო სპექტრს, რომლებიც მათთვის უშუალოდ იყო ხელმისაწვდომი და ხელისუფლებამ განსაკუთრებული გულმოდგინება ვერ გამოავლინა განმცხადებლის ქალიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღსაკვეთად, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა... სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა მოცემულ საქმეში შეიძლება ჩაითვალოს სისტემურ წარუმატებლობად."
„სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ოჯახში ძალადობის საქმე მკვლელობამდე მივიდა.. ამის მიუხედავად, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანომ უგულვებელყო მომჩივნის მრავალი საჩივარი და არაფერი გააკეთა პოლიციელთა ვინაობის დადგენის, მათთან გასაუბრებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის მრავალ შემთხვევაზე არასათანადო რეაგირებისთვის პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად, რაც წინ უსწრებდა მსხვერპლის მკვლელობას. უფრო მეტიც, მომჩივანმა, რომელმაც შეიტანა საჩივარი და ითხოვდა ამ საქმეში სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების სათანადო გამოძიებას, არაერთხელ მოითხოვა მთავარი პროკურატურისგან ინფორმაციის მიღება, მაგრამ ვერ მიიღო. მართლაც, საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელს [პროკურატურას] ორ წელზე მეტი დასჭირდა იმისათვის, რომ [მომჩივნის] კორესპონდენციის მიღება დაედასტურებია და მაშინაც კი არ მიაწოდა მას დამატებითი ინფორმაცია.. დისციპლინური წარმოებაც კი არ დაწყებულა სავარაუდო პოლიციის უმოქმედობის ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა საჩივარი წარუდგინა პოლიციელთა დისციპლინური ზედამხედველობის ორგანოს.. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო იყო სათანადო გამოძიების ჩატარება იმის თაობაზე, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და მიკერძოება ასევე ხომ არ იყო პოლიციის სავარაუდო უმოქმედობის განმაპირობებლი ფაქტორი’’ - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სარჩელი სტრასბურგში წარსადგენად "საფარმა" და "European Human Rights Advocacy Centre (EHRAC)"- მა მოამზადა.
ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაკა წივწივაძე ყოფილმა ქმარმა სამსახურში 2014 წლის ოქტომბერში მოკლა. ის ილიას უნივერსიტეტის C კორპუსში მივიდა და ქალს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. დაჭრილი ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.