Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სარაგბო ნაკრებს კორონავირუსმა შოტლანდიასთან მატჩიც გაუუქმა


საქართველოს სარაგბო ნაკრებს ივლისის ტესტ-მატჩების სერიაში მეორე თამაში გაუუქმდა. ბორჯღალოსნებსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შორის 9 ივლისს გასამართი შეხვედრა გუნდებში დაფიქსირებულმა კორონავირუსის დადებითმა შემთხვევებმა ჩაშალა. იმავე მიზეზით ჩაიშალა შოტლანდიასთან თამაშიც, რომელიც 17 ივლისს უნდა გამართულიყო თბილისის „დინამოარენაზე“. საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკიდან უკვე დაბრუნდა.

თბილისური შეხვედრის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმაც დაადასტურა და ამ საკითხთან დაკავშირებით კავშირის ვიცე-პრეზიდენტ ბაჩო ხურციძის კომენტარი გაავრცელა.

„სამწუხაროდ, ძალიან არ გაგვიმართლა. ვირუსის სამ შემთხვევას ორი დღის წინ კიდევ სამი დაემატა, რაც, შტამის სირთულიდან გამომდინარე, უკვე დიდი ციფრია. ასეთ დროს, რეგულაციის თანახმად, შინ დაბრუნებული მოთამაშეები იზოლაციაში უნდა გადავიდნენ და ვერ ივარჯიშებენ. არის რისკი, რომ ვირუსი სხვა მოთამაშეებსაც ჰქონდეთ და ის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ გამოვლინდეს. ამიტომ, მსოფლიო რაგბის, ჩვენი და შოტლანდიის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეს თამაში გაუქმდა. გვსურდა, რომ შოტლანდიასთან თამაში 24 ივლისისთვის გადაგვეტანა, მაგრამ ის არ ჯდება მსოფლიო რაგბის საერთაშორისო მატჩების ფანჯარაში, რაც როგორც საქართველოს, ასევე შოტლანდიის ნაკრებების მოთამაშეებს კლუბებთან პრობლემებს შეუქმნიდათ. ძალიან სამწუხაროა ასეთი მნიშვნელოვანი ზაფხულის ტესტები რომ გაგვიუქმდა. კიდევ კარგი, სამხრეთ აფრიკასთან ერთი ისტორიული ტესტის გამართვა მოვასწარით, სადაც გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენა. შოტლანდიასთან შეხვედრა უნდა გამხდარიყო ამ სერიის კულმინაცია და არავინ იცის, ის რა შედეგით დასრულდებოდა, თუმცა რეალობას ვეღარ შევცვლით და ახლა უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, ჯერ ფრენჩაიზის და მერე ნაკრების მატჩებისთვის", - განაცხადა ბაჩო ხურციძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG