Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხსნილია ძალადობით


ავტორი: მიკი მეტრეველი

„დალოცვილი ქრისტე ღმერთი
ოქროს ტახტზე დაბძანდება,
ხელში სასწორი უჭირავ
ცოდო-მადლი იწონება.“

ფილმიდან „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“

წერილს, ალბათ, ასე უნდა ვიწყებდე: თუ ვინმეს საქართველოს ეკლესიის სიბნელეში, რეგრესულობასა და მოძალადეობაში ეჭვი ეპარებოდა, 7-8 ივლისის მოვლენებმა თვალი აუხილა-მეთქი. მაგრამ ეპარებოდა კი ვინმეს ეჭვი? არ ვიცოდით, რომ საქართველოს ეკლესია ძალაუფლებასა და სიმდიდრეს დახარბებული ძალაა და მისი ყოველი ქმედება ქრისტეს სახელით, მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის საშიშროებით არის ნაკარნახევი? არ ვიცოდით, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას უფრო ნაკლები რამ აკავშირებს ქრისტესთან, ვიდრე ბუდასა და მუჰამედის მიმდევრებს? ვფიქრობ, ვიცოდით. ვიმედოვნებ, ვიცოდით და გუშინწინდელმა-გუშინდელმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ გახადა ცხადი. რა თქმა უნდა, მცოდნეებში ერის მოფიქრალ (და ამ სიტყვას წინ დამატება „პროგრესულად“ არ სჭირდება, რადგან ფიქრი ისედაც უკვე პროგრესული პროცესია. ან პროგრესულად ფიქრობ, ან არ ფიქრობ) ნაწილს ვგულისხმობ, თორემ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ქრისტეს, ჭეშმარიტებისა და „ერის ღირსების გადარჩენის“ სახელით იძალადეს, სახარებისეული ციტატების მოყვანაც ამაოა. არათუ აზრი არ აქვს შეხსენებას, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ებრძოლო; მარჯვენა ლოყაში თუ გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირო; პირველად იმან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია; ვინც მახვილს აღმართავს, მახვილითვე რომ განიგმირება; რომ ქრისტეს მეუფება, როგორც თავად ამბობს, არ არის ამქვეყნიური და ა. შ., არამედ კარიკატურულად ჩანს მოძალადე „ქრისტიანების“ ძალადობრივი ქმედებების ფონზე.

ახლა მარხვაა, პეტრე-პავლობის. ქრისტიანები მარხულობენ, ცდილობენ, საკუთარ ფიქრებს ჩაუღრმავდნენ, სამარხვო საჭმელს იღებენ... კი მაგრამ, ეს სად ხდება? საქართველოში? არა, აქ, მართალია, ხორცის ჭამა არ შეიძლება მარხვაში, მაგრამ ძალადობით კი არის ხსნილი.

წერილის ეპიგრაფად წამძღვარებული სიტყვები ქართული მხატვრული ფილმიდან „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ არის. ბატონის მიერ საცოლე მოტაცებული გოგია მამასახლისთან და მოსამართლესთან მივა სამართლის საძებნელად. თვალებახვეული მოსამართლე ჟანგიან სასწორს ააჩხრიალებს და ზემოთ ნახსენებ კუპლეტს დაამღერებს, მანამდე კი გოგიას ეტყვის, ქალი გეკუთვნის, მაგრამ არც გეკუთვნისო. საქართველოს ეკლესია ამ მოსამართლეს ჰგავს, ძალადობისკენ მოუწოდებს, ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს ქრისტეს მცნებათა დაცვის საბაბით, თან ემიჯნება ძალადობას და თან არ ემიჯნება. საქართველოს ეკლესიასაც დაუჟანგდა ცოდო-მადლის სასწორი, მაინც აჩხრიალებს, და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანთა მცირე ნაწილამდე ჯერ კიდევ აღწევს მისი ჩხრიალის ხმა.

ასე იქნება, სანამ საქართველოს „გიჟუა“ მთავრობა არ ეყოლება, რომლისთვისაც ერთხელ და სამუდამოდ ყველაზე მთავარი ღირებულება კონსტიტუცია იქნება და არა სახარება, ყურანი თუ თალმუდი და რომელიც სიმართლის წინაშე შეგნებულად თვალახვეულ თუ თვალდაბრმავებულ საქართველოს ეკლესიას „წყალში მოისვრის“ და მისთვის კოჭის გორებას შეწყვეტს. ახლანდელი მთავრობა ხომ (წინაც და იმისწინაც ასე აკეთებდა) ყოველ ოთხ წელიწადში, არჩევნების წინ (თუ უფრო ხშირად არა) საპატრიარქოსთან, შესაძლოა არასასურველ, მაგრამ ნებაყოფლობით სასიყვარულო სარეცელს იზიარებს პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.

ასე იქნება, სანამ ცარიელ თაბახის ფურცელს უფრო მეტი ფასი ექნება, ვიდრე კონსტიტუციას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG