Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრაიდის" ოფისზე თავდამსხმელის ადვოკატი: ბევრისთვის ესენი გმირები არიან... "პადვალში" ჩავკეტავთ, თუ სახლში იქნება


ანა ჟღენტი, ადვოკატი
ანა ჟღენტი, ადვოკატი

"თბილისი პრაიდის" ოფისზე 5 ივლისს ბრალდებული პირის, გიორგი ოძელაშვილის ადვოკატი, ანა ჟღენტი თვლის, რომ მთელი ქვეყნის უმრავლესობა იმავე პოზიციაზეა, რაზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და, შესაბამისად, ჩადენილი ძალადობის გამო მას პატიმრობა არ უნდა შეუფარდოს სასამართლომ.

"მთელი ქვეყნის უმრავლესობა არის ისეთ პოზიციაზე, როგორიც არ არის უსაფრთხო ლგბტ-სთვის. უმრავლესობისთვის რა უფრო ობიექტური იქნება, ამათი ციხეში გაშვება? მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ ვინც არ ეთანხმება ამ პოზიციას, არ განახორციელებენ ძალადობას ლგბტ-ზე... ბევრისთვის ესენი არიან გმირები... თუ სახლში იქნება, სახლიდან არ გავა, თუ თანახმა იქნება, "პადვალში" ჩავკეტავთ...", - თქვა ანა ჟღენტმა სასამართლო პროცესზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. სასამართლომ გიორგი ოძელაშვილსაც და ორ სხვა ბრალდებულსაც პატიმრობა შეუფარდა.

"ის არის პატიოსანი ადამიანი, ჰყავს 3 წლის შვილი, ინვალიდი მამა და მეუღლე. ერთადერთი მარჩენალი არის თვითონ... იმ წამსვე, როცა ეს ფაქტი მოხდა, ამას აჩვენებდნენ, მან იცოდა, რომ მისი კადრები არსებობდა, მიმალვა რომ სდომოდა, არ მიიმალებოდა? [დაკავების] წინა დღეს (7 ივლისს), ბრალდებულების სასამართლოზე იყო და სოლიდარობას უცხადებდა", - თქვა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დახასიათებისას. ის ითხოვდა, 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო გიორგი ოძელაშვილი, რომელიც თბილისის მერიას დაქვემდებარებული უწყების, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელია და დასუფთავების სამსახურში მუშაობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდამსხმელთა მომდევნო სასამართლო სხდომა 31 აგვისტოს გაიმართება.

"თბილისის პრაიდის" ოფისს 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრები, რომელთა რაოდენობა 3-ს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც იძალადეს ჟურნალისტებზე და დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისი. გამოძიება ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს სწავლობს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს, ძალადობრივი ფაქტების შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი, რომელთა შორისაც არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG