Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 არასამთავრობო ორგანიზაცია ირაკლი ღარიბაშვილისა და ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვს


20 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება უკაშირდება "TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა სცემეს, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

"ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა... პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს შედეგებზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები;
  2. ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  2. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  3. საფარი
  4. საზოგადოება და ბანკები
  5. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  6. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  9. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  10. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  11. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  12. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  13. საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI Georgia)
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  15. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  16. გაეროს ასოციაცია
  17. მწვანე ალტერნატივა
  18. თბილისი პრაიდი
  19. DRI
  20. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას.

ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სიძულვილის ჯგუფები. სწორედ აქ მიიღო მძიმე დაზიანებები ოპერატორმა ლექსო ლაშქარავა, რომელიც დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG