Accessibility links

site logo site logo

დისკრედიტაცია სიკვდილის წილ - რას იკვლევს სახელმწიფო ინსპექტორი


„დისკრედიტაციის კამპანია“ - ასეც შეიძლება ეწოდოს იმ აქტივობებს, რომლებიც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ, სოციალურ ქსელში და არა მხოლოდ, მისი სიკვდილიდან რამდენიმე საათში დაიწყო. 11 ივლისს, შუადღიდან, ინტერნეტსივრცეში, ე.წ. საინფორმაციო გვერდებსა თუ ჯგუფებში, ე.წ. ცნობადი სახეების ფეისბუკის გვერდებსა თუ სოციალური ქსელების „რიგითი“ მომხმარებლების პირად გვერდებზე, ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის შემცველი შინაარსის გზავნილები ჩნდება.

მაგალითად, ფეისბუკის მომხმარებელი, გვარად „ჭიღიტაშვილი“, ავრცელებს პოსტს, რომ მას დილითვე დაურეკეს „ოპერატორის ყოფილმა მეზობლებმა“ და მის შესახებ სიმართლე უამბეს. შემდეგ კი წერს: „სირცხვილია, ხალხო, რომ იზიარებთ ნაცგანწყობებს და საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს ანამუსებთ“...

„ჭიღიტაშვილს“ არ ჩამორჩა ვატო შაქარიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, რომელიც წერს: „ეს საწყალი ბიჭი… დამსაქმებელი, მისი კოლექტივი, დღეს რომ ნიანგის ცრემლებს ყრიან, რა არ იცოდნენ ახალგაზრდა ბიჭის პრობლემები?!..სად იყავით აქამდე?!.. ახლა გინდათ არა მისი ტრაგედიის გამოყენება?! თქვენი უსისხლო დედა ვატირე!!!!!“

სოციალურ ქსელში გავრცელებულ დისკრედიტაციული შინაარსის პოსტებს, ზედ დაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოდ დანიშნული ბრიფინგებიც, სადაც უწყების მაღალჩინოსნებმა, ფაქტობრივად, ირიბად მიანიშნეს საზოგადოებას, რომ ტვ „პირველის“ ოპერატორი, სავარაუდოდ, წამალდამოკიდებული იყო. ეს მინიშნებები კი იყო როგორც სიტყვიერი, ისე ვიზუალური - 11 ივლისს, დღის ბოლოს, შსს-მ გამოაქვეყნა ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მითითებით, რომ ლექსო ლაშქარავა 10 ივლისს სახლში, „სავარაუდოდ არაფხიზელ“ მდგომარეობაში დაბრუნდა.

რატომ დაინტერესდა სახელმწიფო ინსპექტორი სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით?

ერთ-ერთი პოსტი, რომელიც განსაკუთრებული მონდომებითა და სკრუპულოზურობით იყო დაწერილი, სახელმწიფო ინსპექტორის ყურადღების ცენტრში მოექცა. ფეისბუკპოსტის შინაარსი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს ლექსო ლაშქარავას შესახებ, რომლებზე წვდომაც არ შეიძლება ჰქონდეს მესამე პირს. ამ ტიპის მონაცემები, როგორც წესი, დაცულია სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ საინფორმაციო ბაზებში და მოიცავს ცნობებს სისხლის სამართლისა თუ ადმინისტრაციული საქმეების შესახებ.

განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 11 ივლისს გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავას შესახებ საჯაროვდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებზეც გარე პირებს არ შეიძლება ჰქონდეთ წვდომა. ინსპექტორმა მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გარდაცვლილის შესახებ მონაცემების გაზიარებისა და გავრცელებისგან, ვინაიდან ეს ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას.

ეს პოსტი მალევე აღმოჩნდა არაერთ ე.წ. საინფორმაციო გვერდსა თუ კონკრეტული ფეისბუკმომხმარებლის პირად გვერდზე. როგორც ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორი უყვება რადიო თავისუფლებას, ინსპექტორის აპარატმა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, რომელიც ლექსო ლაშქარავას შესახებ დეტალურ პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, 11 ივლისს, საღამოს საათებში აღმოაჩინა და მაშინვე დაიწყო საქმის მოკვლევა.

ლონდა თოლორაიას თქმით, ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია ათამდე პირი, რომლებმაც აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში გააზიარეს და უახლოეს დღეებში მოხდება მათი გამოკითხვა. მანამდე კი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მიმართავს სპეციალური წერილით ყველა იმ უწყებას, საიდანაც ეს ინფორმაცია შეიძლებოდა გავრცელებულიყო. ასეთი უწყება კი, ლონდა თოლორაიას თქმით, რამდენიმეა, რაც ართულებს მოკვლევის პროცედურას:

„მოქალაქეები აზიარებდნენ ინფორმაციას კონკრეტული პირის შესახებ, რომელიც იყო ძალიან დეტალური და ასახავდა სხვადასხვა პერიოდში მომხდარ ფაქტებს, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეებში. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უწყებებს გარეთაც არსებობდნენ ადამიანები, ვისაც ეს ინფორმაცია ცალ-ცალკე ან ერთად ჰქონოდა, მაგრამ ეს ინფორმაცია იმდენად სტრუქტურიზებული ფორმით იყო ჩამოყალიბებული, რომ ამან მიიქცია ჩვენი ყურადღება, თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ასეთი დეტალური ინფორმაცია ადამიანების ხელში, რომლებიც არც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები ჩანდნენ და არც იმ სტრუქტურის თანამშრომლები, სადაც მსგავსი ინფორმაცია შეიძლებოდა ინახებოდეს. ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა ელვის სისწრაფით. ვინაიდან ამ ყველაფერმა გამოიწვია ეჭვი, მაშინვე ითქვა, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა შეგვესწავლა და დაგვედგინა, საიდან მოხდა ამ ინფორმაციის გაჟონვა. ასეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც ეხება პირის სისხლის ან ადმინისტრაციულ საქმეში მონაწილეობას, მუშავდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამიტომ ჩვენი ინტერესის ობიექტი იქნება სწორედ ეს, ხომ არ მოხდა ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა სწორედ სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ მონაცემებზე. მთავარი სირთულე, რასაც ჩვენ ახლა შეიძლება წავაწყდეთ, არის ის, რომ ამ ტიპის მასალებზე ხელი მიუწვდება რამდენიმე უწყებას, რამდენიმე თანამდებობის პირს, რამდენიმე საჯარო მოხელეს, ამიტომ ჩვენ ძალიან გვიჭირს ხოლმე იმ ერთი კონკრეტული უწყების ან კონკრეტული პირის იდენტიფიცირება, საიდანაც ეს მონაცემი გავრცელდა“.

თუმცა, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინსპექტორის სამსახურს ამ ტიპის საქმის წარმოება ჩაუტარებია და შედეგად დაუდგენია უწყება და პირი, რომელმაც მსგავსი ტიპის მონაცემები გაასაჯაროვა:

„მაგალითისათვის გეტყვით, რომ პორტალზე pol.ge, უკანონო წვდომა ჰქონდა შსს-ს თანამშრომელს და არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენა ის მონაცემი, რომელიც მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით უნდა გამოეყენებინა. თუმცა, გვქონია ისეთი შემთხვევაც, როდესაც ერთი და იმავე მონაცემზე ხელი მიუწვდებოდა შსს-ს, პროკურატურას, აღსრულების ბიუროს, სასამართლოს და ამდენი ადამიანის წვდომის პირობებში, ჩვენ ვერ დავადგინეთ, კონკრეტულად ვისგან მოხდა ამ მონაცემების გაჟონვა“.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც ლონდა თოლორაია რადიო თავისუფლებასთან ყურადღებას ამახვილებს, მისი თქმით, არის ის არაადეკვატური სანქცია, რაც სამართალდამრღვევს ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის ეკისრება. სწორედ ამიტომ, ის მიიჩნევს, რომ დროულად უნდა შევიდეს ცვლილებები კანონში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რათა ერთ-ერთ ბერკეტად მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნების წინააღმდეგ შესაბამისი სანქციები იქნეს გამოყენებული:

„იმ შემთხვევაში, თუკი ამ კონკრეტულ საკითხზე დადგინდა დარღვევა და იდენტიფიცირდა უწყება ან პირი, რომელმაც ეს მონაცემი გაავრცელა, ამ უწყებას და პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება ან ჯარიმა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის მონაცემმა გაჟონა. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებში, სანქციები არის ძალიან დაბალი. ეს შეიძლება იყოს 500 ლარი, 1000 ლარი, რაც არის სრულიად არაადეკვატური იმასთან შედარებით, თუ რა მონაცემების გასაჯაროებასთანაც გვაქვს ახლა საქმე. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს სანქციები გაიზარდოს“.

შესაძლოა თუ არა დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირის მიმართ, რომელმაც ლექსო ლაშქარავას შესახებ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია გაავრცელა, რაკიღა, გარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი, რომელიც სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის საქმეს ეხება? ამ კითხვაზე ლონდა თოლორაია გვპასუხობს:

„თუკი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევამ გამოიწვია არსებითი და მნიშვნელოვანი ზიანი, ეს შესაძლოა, გადავიდეს სისხლის სამართლის დანაშაულში“.

ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ კანონდარღვევად შეფასებული პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა სიტყვებით - „ახლა ვის ტენით სიკვდილს?“, ლაშა გეგეჭკორია. სწორედ მის მიერ დაწერილი პოსტი გააზიარა არაერთმა ე.წ. საინფორმაციო გვერდმა.

რადიო თავისუფლება მას სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და დაინტერესდა, საიდან მოიპოვა აღნიშნული ინფორმაცია. ლაშა გეგეჭკორი გვეუბნება, რომ მან ეს მონაცემები „ფეისბუქზე ნახა“. მას შემდეგ, რაც მის და არა მხოლოდ მის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გამოეხმაურა, ლაშა გეგეჭკორმა ისევ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან პოსტი წაშალა, თუმცა, ამჯერად, შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებზე გაამახვილა ყურადღება:

„ჰოდა, ახლა შსს-ს ვიდეო ნახეთ, რა დღეშია ის უბედური... გარდაცვალების მიზეზი სახეზეა. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ვისაც კიდევ ოცნება და ღარიბაშვილი გგონიათ მკვლელი, ზრდ. მოგიწოდებთ - ან ბოდიში მოიხადეთ“...

უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას შესახებ პერსონალური მონაცემების გავრცელების არანაირი ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობდა და მისთვის იმთავითვე ნათელია, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, დისკრედიტაციის მცდელობას, სოლიდარობის განცდის შემცირებას და ამით უმთავრესი პრობლემის - მასზე განხორციელებული ძალადობის გადაფარვას ემსახურება.

გოგა ხატიაშვილი ვერ უწოდებს „შემთხვევით დამთხვევას“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დისკრედიტაციული შინაარსის პოსტებსა და შსს-ს მიერ გამართულ ბრიფინგებზე ირიბად მინიშნებულ ფრაზებს ოპერატორის სავარაუდო წამალდამოკიდებულების შესახებ:

„არ იყო შემთხვევითი შსს-ს მინიშნებები და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანხვედრა. ძალიან მცდარი პოზიციაა საზოგადოებაში წინასწარი განწყობების ფორმირება. მე, როგორც იურისტს, რთულია შემიქმნა წინასწარი განწყობა ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, მაგრამ სხვა პირებთან მიმართებაში, ეს ძალიან მარტივი იქნება. ჩვენ ხომ ყველამ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენები, რომ ამ ადამიანს სასტიკად გაუსწორდა ათეულობით ადამიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ უკვე მოხდა უსამართლობა. რაც არ უნდა იყოს გარდაცვალების მიზეზი, ეს არ ცვლის მოცემულობას. როდესაც უწყება გამოდის და ლაპარაკობს, მას სურს კონკრეტული გზავნილის გაშვება. ის რომ საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი და ეს ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს, ეს ცხადია, მაგრამ უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ კითხვებს გაეცეს პასუხი და უფრო მეტი ბუნდოვანება არ დატოვოს. ჩვენთვის ახლა ის უფრო ღირებული ინფორმაციაა, როგორ მიმდინარეობს პროცესი, ექსპერტიზა რა ეტაპზეა, ვინ გამოიკითხა, ვიდრე ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება და მინიშნებები“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციულ მინიშნებებს, ფაქტობრივად, კვერს უკრავს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც და აცხადებს:

„დილიდანვე ნოდარ მელაძემ იცოდა, რაშიც იყო საქმე, საზოგადოებამ უკვე იცის, რაშიც იყო საქმე. რაში იყო საქმე, ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა. რაც შეეხება ცოდნას, გუშინ დილიდან ყველაფერი იცოდა ნოდარ მელაძემ, მაგრამ ამის მიუხედავად მან საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა პოლიტიკური ქულების ჩაწერა, რაც არის უკიდურესად ამორალური საქციელი... გუშინ დილით რაც იცოდა ნოდარ მელაძემ და არ ვიცოდი მე, გაიგებს ამას საზოგადოება“.

ტელეკომპანია „პირველის“ 36 წლის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს დილით, საკუთარ სახლში დედამ იპოვა გარდაცვლილი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვის მისი გარდაცვალება. სამედიცინო ექსპერტიზაში ტელეკომპანიის მოთხოვნით ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.

როგორც ალექსანდრე გეჯაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან სასამართლო-სამედიცინო დასკვნა მინიმუმ 20 დღემდე ადრე ვერ იქნება. რაც შეეხება გვამის დათვალიერების დეტალებსა და შემდგომ საკვლევად აღებულ ნიმუშებს, ექსპერტი ამბობს:

„მას ჰქონდა საკმაოდ რთული მოტეხილობა, გაკეთდა ოპერაცია, მოხერხდა ძვლის ფრაგმენტების სტრუქტურული აღდგენა. 7 ივლისს, გაწერამდე ერთი დღით ადრე გაუკეთდა განმეორებითი ტომოგრაფია, სადაც კვლავ ფიქსირდებოდა სისხლი და გაწოვის დინამიკა ჯერ არ ჰქონდა. შესაბამისად, ბუნებრივია, მას ექნებოდა ძლიერი ტკივილები, სუბიექტური გამოხატულება ტკივილის სინდრომის სახით და, შესაბამისად, 8 ივლისს, გაწერამდე მას გაუკეთდა მორფი. ეს ცალსახაა და მას ეს ინექცია უკეთდებოდა ძლიერი ტკივილების გამო. რამ დააყენა გარდაცვალება, ამაზე ცალსახა დასკვნებს ჯერ ვერ გავცემ. დუნდულოს მიდამოებში ჰქონდა ინექციების კვალი, რაც არის სამედიცინო ჩარევის კვალი. საზარდულის მიდამოებში, არაკატეგორიულ ფორმატში, არის ორი მიდამო, სადაც შესაძლოა იყოს ინექციის შემდგომი კვალი. რაკი ეს კვალი ატიპიურ ადგილებში იყო განლაგებული, ავიღეთ ნიმუშები. გადაიგზავნა ჰისტო-ქიმიურ გამოკვლევაზე და ასევე ჰისტო-პათო-მორფოლოგიურ კვლევაზე. დადგინდება რამდენიმე მიმართულება, პირველი - თუკი ეს კვალი არის ნანემსარი, რა ხანდაზმულობისაა და, ამავდროულად, ქვემდებარე ცხიმოვან ქსოვილსა და კანის ქვეშ არსებულ რბილ ქსოვილებში, არის თუ არა რაიმე ნივთიერება, თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერება. წინასწარ ვერაფერს ვამბობ. გვამის სახის ჰაბიტუსი, გამომეტყველება, შეშუპება, მკვეთრი ციანოზი და ე.წ. ქაფნარევი თეთრი სითხე ტუჩთან, მიუთითებს ფილტვების შეშუპებაზე, სუნთქვის მწვავე უკმარისობაზე. ჯერ ვერაფერს ვამბობ, რადგან ველოდები თავის ტვინის ჰისტოლოგიურ კვლევის შედეგს, ველოდები რა აღმოჩნდება სისხლსა და შარდში და შემდეგ, ურთიერთშეჯერებითი ანალიზის საფუძველზე, უკვე შეიძლება ცალსახა დასკვნების გამოტანა, რა იყო და როგორ იყო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG