Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Pfizer-ით აცრა საქართველოში 16 ივლისიდან დაიწყება


Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ჩამოიტანეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათიდან დაიწყება, უშუალოდ აცრის პროცესი კი - 16 ივლისიდან. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ კლინიკებში:

  • „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“;
  • „კავკასიის მედიცინის ცენტრი“;
  • „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“;
  • „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“;
  • ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“;
  • ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“;
  • ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე "ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და "სინოვაკით" იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ ვაქცინით 18 წელს მიღწეული პირები აიცრებიან, ქვეყანაში კი სულ 28 ათასი დოზა ვაქცინა ჩამოვიდა.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია - 144-3-ზე.

ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

საქართველო Pfizer-ის ვაქცინას რამდენიმე თვეა ელოდება. ამ დრომდე ქვეყანას მხოლოდ 29 500 დოზა ჰქონდა მიღებული, რაც 14 750 ადამიანის საკმარისი დოზაა.

13 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 310 332 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 120 479 ადამიანი. აცრების დიდი ნაწილი ჩინური წარმოების ვაქცინებით "სინოფარმითა" და "სინოვაკით" არის გაკეთებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG