Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი კოვიდუსაფრთხო ქვეყნებში უკრაინას ამატებს. საქართველო სიაში ისევ ვერ მოხვდა


„ევროკავშირის ელჩებმა დღეს გადაწყვიტეს, დაამატონ უკრაინა იმ მესამე ქვეყნების სარეკომენდაციო სიაში, რომლებთანაც ევროკავშირმა მოგზაურობაზე შეზღუდვა უნდა მოხსნას. სია ოფიციალურად ხვალ განახლდება”, - ამის შესახებ ტვიტერზე რადიო თავისუფლების ევროპის კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.

1 ივლისს ევროკავშირის მიერ განახლებული კოვიდუსაფრთხო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში სომხეთი და აზერბაიჯანიც შევიდნენ. მასში ვერ მოხვდა საქართველო.

საქართველო ევროკავშირის ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებში შარშან ოქტომბერში მოხვდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. იქიდან მოყოლებული, საქართველოს მოქალაქეებს ევროპის კონტინენტზე ტურისტული მიზნით მოგზაურობა აღარ შეუძლიათ.

გადაწყვეტილებებს მოგზაურობის შეზღუდვის თაობაზე ევროკავშირი შემდეგი კრიტერიუმებით იღებს:

  • შემთხვევების რაოდენობა 100 000 ადამიანზე უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში.
  • ერთი კვირის მანძილზე 100 000 ადამიანზე გაკეთებული ტესტების რაოდენობა.
  • ამ ტესტების პოზიტიური პასუხების პროცენტულობა.
  • COVID-19-ის საგანგაშო ვარიანტების გავრცელების სისწრაფე.
  • მოსახლეობის ვაქცინაციის სისწრაფე.

ევროკავშირმა საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში ერთი წლის წინ, 2020 წლის 30 ივნისს შეიყვანა, თუმცა რამდენიმე თვეში, 2020 წლის ოქტომბერში, ამოიღო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 1663 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ აცრილია 317 537 ადამიანი, საშუალოდ დღიურად 6992 ადამიანი იცრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG