Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაცვლა თუ შეწყალება? - ერთიც და მეორეც


ზაზა გახელაძის შეხვედრა ოჯახის წევრებთან
ზაზა გახელაძის შეხვედრა ოჯახის წევრებთან

ზაზა გახელაძის გათავისუფლებიდან ერთი დღე გავიდა. მის ოჯახში ლხინი ჯერ არ დასრულებულა. ზაზამ ისიც კი ვერ მოასწრო, რომ ოჯახის წევრებისთვის ცხინვალის ციხისა და გათავისუფლების ამბები მოეყოლა. მისი ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ გუშინ ფეხზე დიდხანს იდგა და ნაიარევი ფეხი შეუსივდა.

ზაზა გახელაძემ 14 ივლისს გათავისუფლებამდე 1 საათით ადრე გაიგო, რომ ბარგი უნდა ჩაელაგებინა. არადა, დილით წითელმა ჯვარმა მას ცხინვალის ციხეში ამანათი შეუტანა და სკაიპით ოჯახთან ალაპარაკა. არაფერი იცოდა ცოლმა, ირმა ბუთხუზმა, შუადღით კი დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მისი შეწყალების აქტი გამოსცა.

14 ივლისს, 19 საათსა და 10 წუთზე, ზაზა გახელაძე ერგნეთში საქართველოს საპოლიციო საგუშაგოსთან გადმოიყვანეს, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გორი-ატენის მიტროპოლიტი დახვდნენ. ერგნეთის საგუშაგოზე გახელაძე მცირე კომენტარით შემოიფარგლა. მოკლე იყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც. ზაზას მშობლიურ სოფელ ქვემო ჭალაში კომენტარები უფრო ვრცელი იყო, ოღონდ არადეტალური. ზაზამ მხოლოდ ის იცოდა, რომ საქართველოს პატრიარქის თხოვნით და რუსეთის პატრიარქის შუამდგომლობით გაათავისუფლეს.

გაცვლის შესახებ საუბარს ერიდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილმა გაცვლის შესახებ რადიო თავისუფლების კითხვას ასე უპასუხა:

„ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ. მე გთხოვთ, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, ჩვენ შევხედოთ შედეგს. შედეგია ის, რომ ზაზა არის თავისუფალი“.

სავარაუდოდ, არც ვადიმ გობოზოვმა იცოდა, რომ ზაზა გახელაძეში გაცვალეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტელეკომპანია „ირმა“ გაავრცელა კადრები, თუ როგორ შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საქართველოს ციხიდან გათავისუფლებულ ვადიმ გობოზოვს. 14 ივლისს ოსური მედიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ზაზა გახელაძე გობოზოვში გაიცვალა.

ანატოლი ბიბილოვმა კი ვადიმ გობოზოვთან შეხვედრისას აღნიშნა:

„მე მადლობელი ვარ სრულიად რუსეთის პატრიარქის და ყველასი, ვინც მონაწილეობდა მოლაპარაკების ამ პროცესში. საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირები არ გვაქვს, მოგვიწია შუამავლების მეშვეობით ურთიერთობა და მივიღეთ ეს შედეგი“.

ვადიმ გობოზოვი ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებია, სოფელ ელხოტოვოს მკვიდრი. ბიბილოვთან შეხვედრისას მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა ნათესავებს, რუსეთის პატრიარქ კირილს და ანატოლი ბიბილოვს.

ოსური მედიის ცნობით, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პატრიარქის, კირილის, თხოვნა გაითვალისწინა და საქართველოს მოქალაქე, უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძე გაათავისუფლა. მანამდე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით საქართველოს პატრიარქმა მიმართა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთის ფედერაციამ გახელაძის სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქე გობოზოვის გადაცემა მოითხოვა.

გობოზოვის სისხლის სამართლის საქმე

1981 წელს დაბადებული ვადიმ გობოზოვი 2020 წლის 15 სექტემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს. მას ალან მუზაშვილის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა.

გობოზოვს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მას 2021 წლის ივნისში წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა. ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა მიეღოთ.

ჩრდილოეთ ოსეთის მედიის ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში დაპირისპირება მოხდა ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქეებს შორის. 39-წლის ალან მუზაშვილმა ქვის ჩარტყმით მოკლა 64 წლის ალიკ გობოზოვი. ამის შემდეგ ალიკ გობოზოვის შვილმა, 40-წლის ვადიმ გობოზოვმა, შური იძია და მოკლა მამის მკვლელი, ალან მუზაშვილი. ოსური მედიის ცნობით, ვადიმ გობოზოვი ცხინვალს 13 ივლისს, ზაზა გახელაძის გათავისუფლებამდე 1 დღით ადრე, გადასცეს.

გახელაძეებიც და გობოზოვებიც მადლობას ეუბნებოდნენ პატრიარქებს, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს არც ჟურნალისტები დავიწყებიათ, რომლებიც ერთი წლისა და სამი დღის განმავლობაში ზაზას ამბებს აშუქებდნენ.

რამდენიმე კვირის წინ ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა. დე ფაქტო რეჟიმი ამბობს, რომ მათ გახელაძე სწორედ კირილის შუამდგომლობის შედეგად გაათავისუფლეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გახელაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძის ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს იგი მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის მეშვეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG