Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ, ერთი პირი დააკავეს პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართულ აქციაზე


პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის და მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ადვოკატი გიორგი ონიანი ამბობდა მედიასთან საუბარში, დაკავებულია პარტიის წარმომადგენელი ბესო გაზდელიანი, რადიო თავისუფლება ინფორმაციას ამოწმებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი სახლის წინ ასფალტზე საღებავით გადადგომის მოთხოვნით წარწერის გაკეთებას აპირებდნენ, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართლადამცველებმა არ მისცეს.

გიორგი ონიანის თქმით, აქციის მონაწილეებს სურდათ, დაეწერათ "გადადგეს მკვლელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი", რაც სრულყოფილად ვერ მოასწრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვენ.

ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებდა მის კავშირზე ნარკოტიკებთან, ინტერნეტში კი გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.

ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ხუთი ბრალდებული, ოთხ მათგანს უკვე პატიმრობა შეეფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG