Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: რაც უფრო მეტს ამბობთ, მით უფრო ეფლობით ჭაობში


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

„გაჩუმდით და წადით“, - ასე მიმართა ტელეკომპანია „მთავარი არხის„ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს მთავრობას პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.

"რამდენიც არ უნდა იაროთ ეკლესია-ეკლესია, კარდაკარ, ორკების ოფისებში, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, რაც უფრო მეტს ამბობთ, მით უფრო ეფლობით ჭაობში. გაჩუმდით და წადით", - თქვა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის წინ მალე ყველა კარი დაიხურება:

„იქნებ ვინმეს ეგონა, რომ მთავარი არხი დღეს აქ არ გამოჩნდებოდა, ან იქნებ ვინმეს ეგონა, რომ მე აღარ ვიყავი „მთავარი არხიდან“ და აქ არ გამოვჩნდებოდი. ვინ არ გამოჩნდება ძალიან მალე, ვის წინაშე დაიხურება ყველა კარი ეს არის საქართველოს დღევანდელი მთავრობა და მისი პრემიერი ღარიბაშვილი", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, „დღეს როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო საზოგადოება ლაპარაკობს მხოლოდ ამ უკეთურებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამ ქვეყანაში ნერგავს დღითიდღე“.

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობს მედიამენეჯერების მიერ ორგანიზებული მორიგი საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნებია პრემიერ-მინისტრის გადადგომა და 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დასჯა.

აქციაზე იმყოფებიან ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG