Accessibility links

site logo site logo

დოჰაში შეხვედრაზე ავღანეთის მთავრობის და თალიბანის წარმომადგენლებმა დიალოგის შესახებ იმედი გამოთქვეს


ავღანეთის მთავრობის და ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანის წარმომადგენლებმა ყატარის ქალაქ დოჰაში მოლაპარაკება გამართეს, სადაც ორივე მხარემ გამოთქვა იმედი "პროგრესის" და "პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრის" შესახებ.

17 ივლისის მოლაპარაკებაზე სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობდა აბდულა აბდულა, ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი. თალიბანის გუნდის ხელმძღვანელი იყო მათი ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

გამხსნელ ცერემონიაზე გამოსვლისას, აბდულამ თქვა, რომ მთელი ძალისხმევა უნდა მოხმარდეს ომის დასრულებას და პოლიტიკური გადაწყვეტის გზის პოვნას, რადგან ავღანეთის პრობლემას სამხედრო გადაწყვეტა ვერ ექნება. მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარემ მოქნილება უნდა გამოიჩინოს - თქვა მან.

ამავე ცერემონიაზე გამოსვლისას, ბარადარმა ილაპარაკა "გარკვეულ პრობლემებზე" და "პროგრესის არარსებობაზე" ავღანეთის შიდა ძალებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებაზე, რომელიც უკვე თითქმის ათი თვეა გრძელდება. "მაგრამ იმედგაცრუებულნი არ უნდა ვიყოთ" - თქვა ბარადარმა და დასძინა, რომ თალიბანი ეცდება მოლაპარაკება "წარმატებული" იყოს და "დადებითად დასრულდეს".

მოლაპარაკების ფონია ავღანეთში მიმდინარე ბრძოლა და იქიდან საერთაშორისო ძალების გასვლის პროცესი, რომელიც მაისში დაიწყო. თალიბანის ექსტრემისტებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს და ქვეყნის ერთ მეოთხედზე მეტი დაიკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG