Accessibility links

site logo site logo

ვახო სანაია: ყველანი ხვალ 12 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან


ჟურნალისტი ვახო სანაია

ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტები ხვალ, 12 საათიდან შეიკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოსთან. პარლამენტში ხვალ, 18 ივლისს 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენაა დაგეგმილი. ვახო სანაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს საპროტესტო აქციის ტრიბუნიდან მიმართა, მისცეს ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლის საშუალება:

„ხვალ ამ შენობაში მოდის 5 ივლისის ერთ-ერთი შემოქმედი, შინაგან საქმეთა პირადად ჩემთვის ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ჟურნალისტები ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაგვიკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სხდომაზე აღმოვჩნდეთ“, - განაცხადა ვახო სანაიამ. მისი მიმართვის ადრესატები კი პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ. ვახო სანაიამ მათ მოუწოდა დაესწრონ პარლამენტის სხდომას:

„შედით ხვალ პარლამენტის სხდომაზე. თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა იმიტომ, რომ იმ ტყუილებს, რასაც იტყვის შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენც ვაპირებთ შიგნით შემოსვლას.

ჩვენ ყველანი ხვალ 12 საათზე ვიქნებით აქ საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ გაჩვენებთ რა შეგვიძლია“, - განაცხადა ვახო სანაიამ.

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობს მედიამენეჯერების მიერ ორგანიზებული მორიგი საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნებია პრემიერ-მინისტრის გადადგომა და 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დასჯა. სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები თვალს ადევნებენ სამი ტელევიზიის,"მთავარი არხის", "ტვ პირველისა" და "ფორმულას" ერთობლივ საგანგებო სატელევიზიო ეთერს.

აქციაზე იმყოფებიან ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG