Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი ადეკვატურ ნაბიჯად შს მინისტრის გადადგომას მიიჩნევს


„თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი დღეს პარლამენტში შს მინისტრის მოხსენებით მისვლას დაგვიანებულ რეაქციად აფასებს და მიიჩნევს, რომ ახლა მისი „ბოდვები აღარავის აინტერესებს“ და მხოლოდ გადადგომაა ადეკვატური ნაბიჯი.

„პასუხისმგებლიანი მინისტრი 5 ივლისამდე მივიდოდა პარლამენტში, როცა იბარებდნენ და როცა აზრი ჰქონდა მის მოსმენას. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობისთვის პარლამენტი ბევრს არაფერს ნიშნავს. ნოტარიუსად წარმოუდგენიათ საკანონმდებლო ორგანო!

ამიტომ, ახლა გომელაურის ბოდვები აღარავის აინტერესებს. მხოლოდ გადადგომაა ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი!“, - წერს გიორგი თაბაგარი ფეისბუკის გვერდზე.

ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ჯერ კიდევ 5 ივლისამდე ითხოვდა, პარლამენტარებს სურდათ, მისგან მოესმინათ, როგორ აპირებდა "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოების წევრების დაცვას სახელმწიფო.

5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

ერთი კვირაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვენ.

მომხდარის გამო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა, საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG