Accessibility links

site logo site logo

პუტინის რეზიდენციასთან საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობს ძვირადღირებული ობიექტების მშენებლობა


საიდუმლო მშენებლობა ნოვო-ოგარიოვოში მდებარე პუტინის რეზიდენციის მახლობლად

მოსკოვის ოლქში, ნოვო-ოგარიოვში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად გამალებული ტემპით მიმდინარეობს შენობების კომპლექსის მშენებლობა, რომლის ღირებულება 20-50 მილიარდ რუსულ რუბლად ფასდება.

„მბხ მედიას“ საგამოძიებო მასალის თანახმად, საიდუმლო ვითარებაში მიმდინარე სამშენებლო ობიექტებს შორისაა ყინულის მოედანი, სამკურნალო ცენტრი და სასტუმრო-პანსიონატი.

ეს ყველაფერი, თავად მშენებლებისა და დაცვის წევრთა სიტყვებით, „სარეჟიმო ობიექტებს“ წარმოადგენს. მოსკოვის ოლქში მდინარე მოსკოვის ნაპირზე მიმდინარე საიდუმლო მშენებლობის საერთო ფართობი 107 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს და ადრე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი მიწის ეს ფართობი, 2020 წლის გაზაფხულზე რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის სარგებლობაში გადავიდა „თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ ფედერალური საჭიროებისთვის.

ამასთან, გამოცემა „მბხ მედიამ“ ვერ შეძლო ამ ობიექტის მოიჯარადრე კომპანიებსა და რუსეთის დაცვის ფედერალურ სამსახურს შორის არსებული კონტრაქტების აღმოჩენა. უცნობია, თუ ვისთვის შენდება რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად ძვირადღირებული ყინულის მოედანი, სასტუმრო კომპლექსი და საავადმყოფო.

დმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ჟურნალისტების შეკითხვაზე ორჯერ აღნიშნა, რომ „არაფერი იცის ამ მშენებლობის შესახებ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG