Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში პოლიციამ დაშალა სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია


სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია ათენში
სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია ათენში

ათენის პოლიციამ ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია.

სამი ათასამდე ადამიანი საბერძნეთის პარლამენტთან მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ოთხშაბათს, ქვეყნის მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა ხანდაზმულთა სახლების და მოვლის დაწესებულებების თანამშრომელთა სავალდებულო ვაქცინაციის კანონპროექტი. ის ითვალისწინებს აგვისტოს შუა რიცხვებიდან, ხელფასის შენარჩუნების გარეშე სამუშაოსგან ჩამოშორებას იმ თანამშრომლებისა, რომლებიც აცრის ვალდებულებას დაარღვევენ. მანამდე საბერძნეთში სავალდებულო გახდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების აცრა.

სააგენტო AP-ის ინფორმაციით, ათენის პოლიციამ აქციის დასაშლელად სპეცსაშუალებები მას შემდეგ გამოიყენა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცავთა კორდონების გარღვევა სცადეს.

პოლიციის თანახმად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ გზის სატრანსპორტო ნაწილის გახსნის მოთხოვნას და სამართალდამცავებს ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს. საბერძნეთის მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 5 პირი. სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ სალონიკშიც. მედიასაშუალებების ცნობით, აქციებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

საბერძნეთში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია მოსახლეობის დაახლოებით 45%. ქვეყნის მთავრობა შიშობს, რომ ვაქცინაციის ტემპის შემცირება შეაფერხებს კორონავირუსის პანდემიით სერიოზულად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას.

საბერძნეთში, სადაც მაისის ბოლოდან ეპიდვითარება შედარებით სტაბილური იყო, ივლისში ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. დაახლოებით ორი კვირაა ყოველდღიურად აღირიცხება 2000-დან 3000-ზე მეტი შემთხვევა. პანდემიის განმავლობაში, საბერძნეთში დაინფიცირდა 466 000-ზე მეტი ადამიანი და 12 800-ზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG