Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ითხოვენ რუსული ჰოსპიტლის დაბრუნებას


რუსული სამხედრო-საველე ჰოსპიტალი სოხუმში. 2020 წლის ოქტომბერი
რუსული სამხედრო-საველე ჰოსპიტალი სოხუმში. 2020 წლის ოქტომბერი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 622 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 195 ახალი შემთხვევა და კიდევ 1 პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა.

შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 56 წლის ქალი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ საგრძნობლად იმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. ბოლო ხანს, ყოველდღიურად აღრიცხავენ ინფიცირების 200-მდე ახალ შემთხვევას.

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს სთხოვა ისევ გაუგზავნოს თავდაცვის სამინისტროს ე.წ. მობილური ჰოსპიტალი, რომელიც მოსკოვმა სოხუმში პირველად შარშან გახსნა და რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 22 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბჟანიას თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქვს მუდმივი კავშირი ვაქცინების ახალი პარტიის მისაღებადაც.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 20 780 შემთხვევა, მათგან 16 580 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 285 ადამიანი. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსული ვაქცინით, "სპუტნიკ V"-ით აცრილია 6 ათასზე მეტი პირი. რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ამ ვაქცინის პირველი პარტია, 6500 დოზა აპრილის ბოლოს გაგზავნა.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

XS
SM
MD
LG